ევროპის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში ევროზონაში ინფლაციის დონემ 7.5% შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ფასების საერთო დონის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ენერგოპროდუქტების - 44.7%-ით და სურსათის 5.0%-ით გაძვირებას ჰქონდა. საბაზო ინფლაციის დონე კი, რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგიის ფასებს, 3.2%-ს შეადგენს.
ეკონომისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში ინფლაციის ტემპის მკვეთრი დაჩქარება რუსეთ-უკრაინის ომით და საერთაშორისო ბაზარზე ენერგეტიკული რესურსების, მათ შორის, ნავთობის, გაზის და ქვანახშირის გაძვირებითაა გამოწვეული.
ევროპის მასშტაბით ინფლაციის ყველაზე მაღალი დონე (15.6%) ლიტვაში ფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი ინფლაცია მალტაშია, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი 4.6%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ევროკავშირის წამყვან ეკონომიკებს, გერმანიაში ინფლაციის დონე 7.6%-ია; საფრანგეთში - 5.1%; იტალიაში ინფლაციის მაჩვენებელი 7.0%-ს შეადგენს, ესპანეთში კი 9.8%-ს.