მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Lucid-ი Nvidia-ს ჩიპზე მომუშავე თვითმართვად ელექტრომობილს გამოუშვებს

Lucid

ელექტრომობილების მწარმოებელმა Lucid Group-მა ამერიკულ ტექ-გიგანტთან, Nvidia-სთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მომავალ წელს გამოვა Lucid-ის ახალი ელექტრომობილი, რომელიც იქნება თვითმართვადი და ის Nvidia-ს DRIVE AGX Thor-ის ჩიპზე იმუშავებს. Lucid-ში აღნიშნავენ, რომ ჩიპი მომხმარებლებს ავტონომიურობის აქამდე არნახულ მასშტაბს შესთავაზებს და თითქმის სრულად დამოუკიდებელი იქნება.

მომხმარებელთა დაინტერესების მიზნით, Lucid-ი ახალი ელექტრომობილის ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებას აპირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის Lucid Air-ზე იაფი იქნება. ცნობისთვის, ამ ავტომობილის საწყისი ფასი 71,400 დოლარია. ახალი ტიპის ტრანსპორტის წარდგენით ელექტრომობილების მწარმოებელს სურს, კონკურენცია Tesla Model Y-სა და Rivian 42-ს გაუწიოს. ცნობისთვის, ეს მოდელები $40,000-იან საფასო კატეგორიაში გადიან.

Lucid-ის წარმომადგენლების განმარტებით, Nvidia-ს ჩიპზე მორგებული თვითმართვადი სისტემა მოძრაობისას არამარტო კამერებს, არამედ რადარებსა და ე.წ. ლიდარ ტექნოლოგიას დაეყრდნობა. შედარებისთვის, ეს ფუნქცია Tesla-ს ავტომობილებს დღემდე არ აქვს. წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში ასევე იგეგმება Nvidia-ს ჩართვა წარმოების პროცესში და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით Lucid-ს, როგორც საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის მიერ მხარდაჭერილ კომპანიას სურს, გასცდეს ძვირად ღირებული, მდიდრული სედანების კატეგორიას და გახდეს უფრო მეტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ელექტრომობილების მწარმოებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები