2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყნიდან ექსპორტირებულია 738 821 ლიტრი ლუდი, საიდანაც ქვეყანამ $855 ათასის შემოსავალი მიიღო. ეს მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მოცულობა 1 128 477 ლიტრს, ხოლო შემოსავალი $1.366 მლნ-ს შეადგენდა. შედეგად, ექსპორტი ღირებულებით 37.4%-ით, ხოლო მოცულობით 24.2%-ით შემცირდა.
ქვეყნების მიხედვით, ქართული ლუდის უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები ასე გადანაწილდა: სომხეთი ($168 ათასი), რუსეთი ($160 ათასი) და ისრაელი ($158 ათასი). მათ მოჰყვება ლატვია ($84 ათასი), აზერბაიჯანი ($79 ათასი), პოლონეთი ($51 ათასი), ჩინეთი ($42 ათასი), გერმანია ($34 ათასი), აშშ ($32 ათასი) და ლიეტუვა ($13 ათასი).
ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ლუდის იმპორტი. 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოვიდა 4 573 715 ლიტრი ლუდი, რის შედეგადაც იმპორტის ღირებულებამ $5.7 მლნ შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა იმპორტი $3.2 მლნ-ს და 3 023 679 ლიტრს შეადგენდა, ღირებულებით 78.1%-იან, ხოლო მოცულობით 51.2%-იან ზრდას ნიშნავს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საშუალოდ 1 ლიტრ ლუდს $1.25-ად ვყიდულობდით.
იმპორტის ძირითადი პარტნიორი ქვეყნებია გერმანია ($1.9 მლნ), ნიდერლანდები ($974 ათასი) და რუსეთი ($656 ათასი). ასევე მნიშვნელოვან მოცულობებს იკავებენ ბულგარეთი ($492 ათასი), მექსიკა ($321 ათასი), ჩეხეთი ($262 ათასი), ესპანეთი ($213 ათასი), უკრაინა ($153 ათასი), ბელგია ($141 ათასი) და ირლანდია ($132 ათასი).
საგულისხმოა, რომ ლუდის იმპორტი საქართველოში წლიდან წლამდე სტაბილურად მზარდ დინამიკას აჩვენებს.
2025 წელს ქვეყანამ $25.37 მლნ ღირებულების 21 713 861 ლიტრი ლუდი შეიძინა, მაშინ როცა 2024 წელს $17.12 მლნ ღირებულების 15 475 525 ლიტრი შემოვიდა. 2023 წელს იმპორტმა $13.91 მლნ ღირებულების 11 668 753 ლიტრი შეადგინა, 2022 წელს - $10.36 მლნ ღირებულების 10 706 419 ლიტრი, ხოლო 2021 წელს - $6.18 მლნ ღირებულების 7 074 635 ლიტრი.
მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ხუთ წელში ლუდის იმპორტი როგორც ღირებულებით, ასევე მოცულობით გაიზარდა, რაც შესაძლოა ქვეყანაში იმპორტულ ლუდზე მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს.




























