მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდის ინდუსტრია მთავრობისგან აქციზის დროებით შემცირებას ითხოვს

5fbd145b2adc7
სალომე მეცხვარიშვილი
24.11.20 18:29
1408
ლუდის ქართველი მწარმოებლები აქციზის გადასახადის დროებით შემცირებას ითხოვენ. ადგილობრივი კომპანიები ამბობენ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას და თანამშრომლების შენარჩუნებას. სექტორის სურვილია, პოსტპანდემიურ პერიოდში აქციზის გადასახადი ლუდის ერთ გრადუსზე 12 თეთრის ნაცვლად 8 თეთრი გახდეს, შესაბამისად, სტანდარტულ 5-გრადუსიან ლუდზე აქციზის გადასახადი 60 თეთრის ნაცვლად 40 თეთრი იქნება.

"ეს ფინანსური რესურსი მნიშვნელოვანია, რათა შევინარჩუნოთ თანამშრომლები. იმისთვის, რომ ბიზნესმა გააგრძელოს მუშაობა, გაუძლოს პანდემიას და გააგრძელოს კრიზისიდან გამოსვლა, მას ფინანსური სასხრები სჭირდება. ერთ-ერთი გამოსავალი, რომელიც თანაბრად განაწილდება ყველა მოთამაშეზე, იქნებოდა აქციზის გადასახადის შემცირება. ამ ინიციატივას მხარს უჭერს მთლიანად ინდუსტრია”,- აცხადებს კომპანია “ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

თუ მიმდინარე წლის სექტემბრამდე ლუდის ინდსუტრიამ თავის გადარჩენა შეძლო, Covid - ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან ერთად სექტორს განსაკუთრებით გაუჭირდა. მძიმე ტვირთად იქცა ლარის გაუფასურებაც, რადგანაც ლუდის წარმოებისთვის კომპანიებს ნედლეული ძირითადად უცხოეთიდან შემოაქვთ. კომპანია “ზედაზენის” გენერალური დირექტორი კახა კოტრიკაძე ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა ლუდის ბაზარი 20%-ით შემცირდება, ამიტომ მსხვილი მწარმოებლები საგადასახადო შეღავათს 6-დან 12-თვემდე ითხოვენ.

კახა კოტრიკაძის თქმით, პანდემიის გავლენა რეალურად სექტემბრიდან იგრძნეს, როცა მზარდი შეზღუდვებისა და ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან ერთად შეიცვალა მომხმარებლების ქცევა.

"ვფიქრობთ, ბოლო კვარტალი ძალიან საყურადღებოა. არ მეგულება ინდუსტრია, რომელზეც ეს სიტუაცია ცუდად არ აისახება. თუ პირველ სამ კვარტალში ბაზრის შემცირება არ გვქონია, ახლა ცალსახად გვექნება და თან იქნება ხელშესახები შემცირება: გვექნება კლება რეალიზაციაში, პრობლემა ნედლეულის თვითღირებულების შენარჩუნებაში, რადგან პანდემიურ პერიოდს დაერთო ლარის კურსის გაუფასურებაც... საკმაოდ ბევრი პრობლემის გადაჭრას ვცდილობთ ერთად: პირველი - პრობლემა არის ის, რომ შევინარჩუნოთ პროდუქციის ფასი, მიუხედავად იმისა, რომ თვითღირებულება კოსმიური სისწრაფით იზრდება; მეორე - გვინდა, ბაზარზე შევინარჩუნოთ აქტივობა, მიუხედავად პანდემიისა, რაც ძალიან რთულია; რაც უნდა აქტივობა დაგეგმო, მომხმარებელი თუ ჩაკეტილი იქნება, შეუძლებელი იქნება იგივე ტემპის შენარჩუნება. მესამე - ამ ყველფარის ფონზე უნდა შევინარჩუნოთ დასაქმებულების იგივე რაოდენობა - ლარის არსებული კურსის ფონზე ჩვენს თანამშრომლებსაც უძნელდებათ არსებობა”, - აცხადებს კახა კოტრიკაძე.

მისივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ლუდის ინდუსტრიამ პრემიერის აპარატს მისწერა წერილი, რომელშიც ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებთან ერთად, აქციზის გადახედვასაც ითხოვდა. ბიზნესის მოთხოვნებიდან ნაწილი მთავრობამ შეასრულა, აქციზის გადახედავსთან დაკავშირებით კი, ბოლო კომუნიკაცია ლუდის ინდუსტრიას ბიზნესომბუდსმენის აპარატთან ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები