გასულ წელს საქართველოში $25.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 21.7 მილიონი ლიტრი ლუდის იმპორტი განხორციელდა.
საქართველოში ლუდის იმპორტის მიმართულებით გერმანია ლიდერობს (დაახლოებით 8.9 მლნ აშშ დოლარი), რომელსაც მოსდევენ ნიდერლანდები (3.2 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (2.7 მლნ აშშ დოლარი). წამყვან ხუთეულს ჩეხეთი და მექსიკა ხურავენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ BM.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ბაზარზე ლუდის მიწოდებას სხვადასხვა პროფილის კომპანიები განსაზღვრავენ - მსხვილი ადგილობრივი ლუდსახარშებიდან დაწყებული, მრავალპროფილიანი სადისტრიბუციო ქსელებით დასრულებული.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს და მართავს 2025 წლის ლიდერ იმპორტიორ კომპანიებსმ რომელთა ჩამონათვალი BM.GE-მ საქსტატისდან გამოითხოვა:
- სს "ლომისი": კომპანიის გენერალური დირექტორია თურქეთის მოქალაქე ბურჩ კურტოღლუ. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს ონურ ალთურქი, მოადგილეა იასემენ გუვენ ჩაირეზმეზ, ხოლო წევრები არიან ბანუ ფატმა ართუზ და ჰუმა მუჰადდისოღლუ.
- სს "ქართული ლუდის კომპანია": გენერალური დირექტორის პოზიციას გიორგი ქესანაშვილი იკავებს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ჟაკ ბიერ (ისრაელი), მოადგილე - დანიელ ბიერ (ისრაელი), წევრი კი - დავით კუხალაშვილი.
- შპს "ბიარ ჯორჯია": კომპანიის დირექტორია რომან პაიკიძე. წილები პარტნიორებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: კობა კურდღელაშვილი - 57%, დავით უჩუმბეგაშვილი - 21.43%, რომან პაიკიძე - 13.57% და მაია კურდღელაშვილი - 8%.
- შპს "გაგრა პლუსი": დირექტორის პოზიციას გიორგი მახათაძე იკავებს. კომპანიის მფლობელები არიან: გიორგი მახათაძე - 44%, მამუკა მახათაძე - 38% და ბესიკ ჩიხრაძე - 18%.
- შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია": კომპანიის 100%-იან წილს "შპს ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგი" ფლობს. აღმასრულებელი დირექტორია თენგიზ ხელაშვილი, ხოლო ფინანსური დირექტორი - ნიდერლანდების მოქალაქე კოენ მიშელ კაპტეინ.
- შპს "ინტრეიდი": კომპანიის დირექტორია თამარ ჯერენაშვილი, ხოლო მისი 100%-იანი მფლობელია სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი".
- შპს "კანტი": კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის ერთპიროვნული მფლობელია ალექსანდრე ხომერიკი.
- შპს "საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა": კომპანიის 100%-იან წილს, "გლობალ ბიერ ჯორჯიას" მსგავსად, "შპს ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგი" ფლობს. მისი აღმასრულებელი დირექტორია თენგიზ ხელაშვილი, ფინანსური დირექტორი კი - ნიდერლანდების მოქალაქე კოენ მიშელ კაპტეინ.
- შპს "ტავ": კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ნიკა გვარაძე.
- შპს "შარმ ტრეიდინგი": დირექტორის პოზიციას ვახტანგ საძაგლიშვილი იკავებს, ხოლო კომპანიის 100%-იანი მფლობელია შპს "ელ არ ჯი".
შენიშვნა: სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
2020-2025 წლებში ლუდის იმპორტის ჯამური მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა - დაახლოებით 5.9 მლნ აშშ დოლარიდან 25.4 მლნ აშშ დოლარამდე.
ყველაზე მკვეთრი ნახტომი შეინიშნება 2025 წლის მონაცემებში, როდესაც, წინა წელთან შედარებით დაახლოებით, ლუდის იმპორტი 48%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს, 25.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.




























