ყოფილი ლუდსახარში „ყაზბეგის“ ტერიტორიაზე განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ისტორიული სივრცე დეველოპერულმა კომპანიამ Next-მა შეიძინა და მის სრულ რეაბილიტაციასა და განვითარებას გეგმავს.
„ყაზბეგის“ ქარხანა ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა არა მხოლოდ საწარმოს, არამედ ქალაქის სოციალურ და ეკონომიკურ ცენტრსაც, სივრცეს, რომელიც ქმნიდა სამუშაო ადგილებს, აერთიანებდა ადამიანებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა თბილისის ურბანულ იდენტობაში. დროთა განმავლობაში, როგორც ბევრმა ინდუსტრიულმა ობიექტმა, მან ფუნქცია დაკარგა, თუმცა მისი ისტორიული და ემოციური მნიშვნელობა ქალაქისთვის დღემდე შენარჩუნებულია.

პროექტის განსაკუთრებულობა სწორედ მისი ღრმა ისტორიულ ფენებშია. აღნიშნული ტერიტორიის ისტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება და გერმანელი მეწარმის, ფრიდრიხ ვეტცელის სახელს უკავშირდება.

1870-იან წლებში, ძმასთან ერთად, მან უზნაძის დღევანდელ ქუჩაზე ლუდსახარში ქარხანა დააარსა, რომელიც იმ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ საწარმოად ითვლებოდა. ქარხანა აწარმოებდა სხვადასხვა სახეობის ლუდს და სწრაფად მოიპოვა აღიარება, რაც 1901 წელს, კავკასიის მასშტაბით გამართულ გამოფენაზე მიღებული ოქროს მედლითაც დადასტურდა.
პროექტის დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.




























