ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა წამყვან საკოლექციო ბარათების რითეილერთან, Dave & Adam’s Card World-თან ერთად შექმნა ახალი ბრენდი — Card Culture by Lewis Hamilton. ეს ერთობლივი პროექტი გულისხმობს ჰამილტონის სახელით ბარათების მაღაზიების გახსნას ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ. პროექტი 2026 წლის ივნისში გერმანიაში დაიწყება და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოიცავს ავსტრალიას, დიდ ბრიტანეთს და ასევე ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქალაქებს.
“ვხედავდი, რომ ბაზარზე დიდი სიცარიელეა. აშშ-ში ათასზე მეტი მსგავსი მაღაზიაა, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. მინდოდა შემექმნა ადგილი კოლექციონერებისთვის, მოთამაშეებისთვის და ბავშვებისთვის - სივრცე, სადაც ისინი იგრძნობენ იმ ემოციას, რაც ბარათების გახსნას და საზოგადოებაში ჩართულობას მოაქვს, და არა უბრალოდ პროდუქტის გაყიდვის ადგილი“ - განაცხადა ჰამილტონმა.
ეს სიახლე მოჰყვა იმას, რომ NFL-ის ლეგენდამ ტომ ბრეიდიმ ბოსტონში დაფუძნებულ ქსელში, CardVault, 50%-იანი წილი შეიძინა, რის შემდეგაც ბრენდი გარდაიქმნა „CardVault by Tom Brady“-ად. დღეს ამ ქსელს აშშ-ში 14 ფილიალი აქვს.
მსოფლიოში კოლექციონერული ბარათების პოპულარობა იზრდება და ჰამილტონის აზრით, მოთხოვნა ახლა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე. კომპანია ასევე გეგმავს გაფართოებას ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა დუბაი და აბუ დაბი, თუმცა რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო ეს გეგმები დროებით შეჩერებულია.
პირველი მაღაზიის გახსნა ფრანკფურტში ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა ჰამილტონი უკვე დიდ გეგმებზე ფიქრობს:
„ჩემი მიზანია შევქმნა თანამედროვე ბარათების სივრცე, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, კულტურასა და კონკურენციას - ბაზარზე, სადაც ათასობით ასეთი ადგილი საჭიროა, მაგრამ აშშ-ის გარეთ თითქმის არ არსებობს.“




























