“ლუკა პოლარემ” გასულ კვირას ბაქოში დამატებით 3 ფილიალი გახსნა და ამ დროისთვის აზერბაიჯანში 5 ფილიალით არის წარმოდგენილი.
როგორც Bm.GE-ს კომპანიაში განუცხადეს დამატებითი ფილიალების გახსნისთვის კომპანიამ 890 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდი საქართველოს ფარგლებს 2023 წლის ზაფხულში გასცდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი აგვისტოში გახსნა.
მიმდინარე წლის დასაწყისში განსხვავებული კონცეფციის ფილიალი შეემატა, გასულ კვირას კი 3 ახალი ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა.
„ვაგრძელებთ ბაქოში განვითარებას. გასულ კვირას რამდენიმე სხვადასხვა ფორმატის ფილიალი გავხსენით, მათ შორის ერთი ახლად გახსნილ სავაჭრო მოლში, ერთი ცენტრალურ ქუჩაზე და ჩვენი ფილიალი შეგხვდებათ ბაქოს სანაპირო კურორტ „Seabreeze”-ც.
ბაქოში არ ვწყვეტთ განვითარებას და პარალელურად ვიწყებთ ახალ ქვეყანაზე მუშაობას და მალე კონკრეტულ გეგმებს დავაანონსებთ!“ - კომპანიის დირექტორმა თინათინ გობეჯიშვილი.
აზერბაიჯანის ფილიალებს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდა, როგორც სერვისის, ასევე წარმოებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტები და ყოველი ახალი ობიექტის პარალელურად დასაქმებულთა რიცხვი იზრდება.
"ლუკა პოლარე" კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 100-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში - 16 ფილიალი, ბათუმში -5, ქობულეთში - 1, ქუთაისში - 1, რუსთავში - 1, აზერბაიჯანში კი ბაქოში - 5 ფილიალით.