მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკა პოლარემ“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველი ფილიალი ბაქოში გახსნა

ნაყინი

15 წლის იუბილეს აღნიშვნის პარალელურად, „ლუკა პოლარე“ საქართველოს ფარგლებს გაცდა და ბაქოში  წარმოება და პირველი ფილიალი გახსნა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბრენდის განვითარებისთვის კომპანიამ 250 000 დოლარის ინვესტიცია ჩადო.

აზერბაიჯანის დედაქალაქში კაფე-სანაყინეების ქართული ბრენდის „ლუკა პოლარეს“ პირველი ფილიალის გახსნა კომპანიამ წარმოდგენით აღნიშნა.  

კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი აღნიშნავს, რომ ბაქოს ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე „ლუკა პოლარეს“ პირველი ფილიალის გახსნაზე კომპანია 2023 წლის დასაწყისიდან მუშაობდა, რაც ბრენდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

„ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას რამდენიმე წელია აქტიურად განვიხილავთ, მათ შორის აზერბაიჯანის პროექტზე წლის დასაწყისიდან ვმუშაობთ და გასულ კვირას ბაქოში თანამედროვე საწარმოო სივრცისა და ფილიალის გახსნით დავაგვირგვინეთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ბრენდისთვის, ასევე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის!  პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას სხვა ქვეყნებში გახსნის პროექტებზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ბრენდი ლუკა პოლარე  საერთაშორისო ბრენდი გახდა, რომელიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში გამოჩნდება. ვგულშემატკივრობთ სხვა ქართულ ბრენდებსაც და მოხარულები ვიქნებით, რომ ბევრი მათგანი ვიხილოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქტების პოპულარიზაციას და ჩვენი ეკონომიკის ზრდას“, - ამბობს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.

"ლუკა პოლარეში" ბაქოელებს თითქმის ყველა პროდუქტის დაგემოვნება შეუძლიათ, რომელიც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. გარდა ამისა აზერბაიჯანის წარმოებამ ადგილობრივ მოსახლეობაზე მორგებული და მათი საყვარელი გემოებიც შექმნა.

აზერბაიჯანის ფილიალს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა ადგილობრივი კადრებით შეივსო, როგორც სერვისის, ასევე წარმოებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტები.  ახალ ფილიალში 15-მდე ადამიანი დასაქმდა. 

„გარდა იმისა, რომ წელს 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი გუნდისთვის და ბრენდისთვის წლის მოვლენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაა. ბაქოში ფილიალი დიდი ზეიმით და მხიარულებით გავხსენით, ხალხის დაინტერესება ამ დროისთვის საკმაოდ მაღალია. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ სტუმრებს შორის არიან ისინი, ვინც საქართველოდან გვიცნობენ და გავახარეთ მათ ქალაქში გამოჩენით. უკვე აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ „ლუკა პოლარე“ ბაქოშიც ისევე შეიყვარონ, როგორც საქართველოში”, - ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები