მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lukoil-ის თანადამფუძნებელმა თავისი $7 მილიარდიანი წილი კომპანიას მიჰყიდა - Reuters

ლეონიდ ფედუნი

Lukoil-ის თანადამფუძნებელმა ლეონიდ ფედუნმა თავისი $7 მილიარდის ღირებულების წილი რუსულ კომპანიას მიჰყიდა, რითაც დაასრულა 30-წლიანი გამოცდილება, რომელმაც "ლუკოილი" გლობალურ კომპანიად აქცია - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამი წყაროსა და მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან საერთაშორისო სანქციებისთვის თვეების განმავლობაში თავის არიდების შემდეგ, "ლუკოილი", რომელიც ოქტომბერში საბოლოოდ დასანქცირდა, თავის უცხოურ აქტივებს ყიდის. კომპანია დიდი ხანია, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კონკურენტი "როსნეფტის" პოტენციური შესყიდვის სამიზნედ განიხილება, რომელიც ამჟამად ასევე დასავლეთის სანქციების ქვეშაა.

Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, უკრაინაში დაბადებულმა და მონაკოში დაფუძნებულმა ფედუნმა თავისი, დაახლოებით 10%-იანი წილი 2025 წლის დასაწყისში ლუკოილს დაუბრუნა, რაც რუსი მილიარდერის მიერ ქვეყანაში თავისი აქტივების ჩუმად გაყიდვის იშვიათი მაგალითია.

აგვისტოში კი კომპანიამ განაცხადა, რომ გააუქმებდა 76 მილიონ აქციას - ანუ თავისი კაპიტალის დაახლოებით 11%-ს - რომელიც მან ბაზრიდან 2024-2025 წლებში გამოისყიდა.

69 წლის ფედუნი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრეზიდენტ ბორის ელცინის მმართველობის დროს, 1990-იან წლებში მიმდინარე ქაოტური პრივატიზაციის დროს გახდა. ის ვაგიტ ალეკპეროვთან ერთად მუშაობდა დასავლეთ ციმბირის საუკეთესო ნავთობის საბადოების პრივატიზაციაზე, როდესაც ელცინმა 1993 წელს მათი გაყიდვა დაამტკიცა, რამაც სახელმწიფო საწარმოები ერთ ღამეში კერძო ფირმებად, ხოლო ზოგიერთი სახელმწიფო თანამშრომელი მილიარდერად აქცია.

ფედუნი 2022 წლამდე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, რომელიც თავადვე დატოვა. "ლუკოილში" აცხადებდნენ, რომ მიზეზი ბიზნესმენის პენსიაზე გასვლა და ოჯახი იყო.

22 ოქტომბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს და ყველა მის შვილობილ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. შედეგად, კომპანიამ უცხოეთში აქტივების გასხვისება დაიწყო.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიმდინარე კვირას Lukoil-ს დამატებით დრო გამოუყო ტრანზაქციების განსახორციელებლად, ოპერაციების შესაწყვეტად და აქტივების გასასხვისებლად. OFAC-ის ინფორმაციით, აქტივების გასხვისების ბოლო ვადამ 13 დეკემბრამდე გადაიწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები