ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, Chevron-მა დააანონსა, რომ რუსული Lukoil-ის $22-მილიარდიანი უცხოური აქტივების შეძენას კერძო კაპიტალის კომპანია Quantum-თან ერთად ცდის. საუბარი საფინანსო სექტორის მნიშვნელოვან მოთამაშეზე, რომელიც ინვესტიციებს ენერგეტიკულ სფეროში ახორციელებს და რომლის პორტფელშიც შედის კომპანია Artemis Group-ი.
არსებული ინფორმაციით, Chevron-ი და Quantum-ი გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებენ და მოელიან, რომ ინიციატივას მხარს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაც დაუჭერს. შეგახსენებთ, სწორედ ტრამპის გუნდის მიერ დაკომპლექტებულმა სახაზინო დეპარტამენტმა, რომელმაც Lukoil-ის უცხოური აქტივები გასული წლის ოქტომბერში გაყინა, უნდა განსაზღვროს, თუ ვის ხელში გადავა რუსული ნავთობ-გიგანტის $22-მილიარდიანი ქონება.
აღსანიშნავია, რომ Lukoil-ის 2,000-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგურის, ასევე ბუნებრივი აირისა და ნავთობის მომპოვებელი თუ გადასამუშავებელი ობიექტებისთვის სხვა არაერთი ენერგეტიკული კომპანია თუ ჰოლდინგი იბრძვის. მათ შორის, Exxon-ი, Carlyle-ი და აბუ დაბის საერთაშორისო ჰოლდინგი. იყო შემთხვევებიც, როცა სახაზინო დეპარტამენტმა კონკურსში მონაწილეობის უფლება კონკრეტულ მსურველებსაც აუკრძალა. მაგალითად, შვეიცარიულ Gunvor-ს, რომლის კავშირებიც კრემლთან შტატებში საეჭვოდ მიიჩნიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, Quantum-ის წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან და ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ სწორედ მათი და Chevron-ის ერთიანი ინიციატივა უზრუნველყოფს Lukoil-ის $22-მილიარდიანი აქტივების ამერიკული კონტროლის ქვეშ მოქცევას.




























