რუსულმა ნავთობგიგანტმა Lukoil-მა 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში უცხოური აქტივების დაკარგვით გამოწვეული ზარალი $18.1 მილიარდ დოლარად, ანუ 1.667 ტრილიონ რუბლად შეაფასა. კომპანიის გაერთიანებული დოკუმენტაციის მიხედვით, Lukoil International-ის ჯგუფზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, მასში განხორციელებული ინვესტიციები სრულად ჩამოიწერა.
როგორც ირკვევა, აქტივების მასშტაბურმა დევალვაციამ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე უმძიმესი გავლენა იქონია: Lukoil-ის წმინდა ზარალმა 2025 წელს 1.059 ტრილიონი რუბლი ($11.5 მლრდ.) შეადგინა. შედარებისთვის, უწყვეტი ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება 96.6 მილიარდ რუბლამდე ($1.05 მლრდ.) შემცირდა, რაც მკვეთრად ჩამორჩება 2024 წლის მაჩვენებელს, 794.4 მლრდ. რუბლს. პარალელურად, განახევრდა საოპერაციო მოგებაც და მან 526.6 მილიარდი რუბლი ($5.7 მლრდ.) შეადგინა.
შეგახსენებთ, კრიზისი გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ კომპანიისთვის სანქციების დადებით დაიწყო, რის გამოც Lukoil-მა უცხოური აქტივების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ რუსულ ნავთობგიგანტსა და ამერიკულ საინვესტიციო Carlyle-ს შორის აქტივების შესყიდვაზე წინასწარი შეთანხმება დაიდო, თუმცა, როგორც ირკვევა, გარიგების დასასრულებლად აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის სამმართველოს ნებართვა დასჭირდება. არსებული ინფორმაციით, პროცესის გაჭიანურება ვაშინგტონის შეგნებული გადაწყვეტილებაა და ის მიზნად მოსკოვზე დამატებითი ზეწოლის მოხდენას ისახავს მიზნად. რაც შეეხება თავად რუსულ მხარეს, კრემლი დაწესებულ სანქციებს დღემდე უკანონოდ მიიჩნევს.




























