რუსული ენერგოგიგანტი Lukoil-ი მისი საერთაშორისო აქტივების გაყიდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის თანახმად, მათ მიიღეს შემოთავაზება კვიპროსში რეგისტრირებული Gunvor Group-ისგან მათი საერთაშორისო აქტივების მფლობელი კომპანიის - ავსტრიაში რეგისტრირებული LUKOIL International GmbH-ის გაყიდვის თაობაზე. გარიგების ღირებულება უცნობია.
ნავთობით მოვაჭრე Gunvor Group-ი შვედი ბიზნესმენის, ტორბიონ ტორნგქვისტის და რუსი მილიარდერის, გენადი ტიმჩენკოს მიერ არის დაფუძნებული. კომპანიის თანახმად, ტიმჩენკო ამჟამად მათი აქციონერი აღარაა და მისი ძირითადი მფლობელი თავად ტორნგქვისტია. კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს Gunvor-ის შემოსავალი 136.5 მილიარდი დოლარი იყო, მოგება კი 750 მილიონი დოლარი. Forbes-ის თანახმად, ტორბიონ ტორნგქვისტის ქონება 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
განცხადების თანახმად, Lukoil-ი მისი აქტივების Gunvor Group-ზე გასხვისებას დათანხმდა, თუმცა გარიგებას ესაჭიროება იმ ქვეყნების თანხმობა, რომლებმაც მათ სანქციები დაადეს.
აშშ-მა Lukoil-ს ფინანსური სანქციები 2025 წლის 22 ოქტომბერს დააკისრა, ამასთან მიუთითა, რომ კომპანიას აძლევს ერთთვიან გარდამავალ პერიოდს, 2025 წლის 21 ნოემბრამდე, რათა მისი საერთაშორისო აქტივები გაყიდოს. აღნიშნული თარიღის შემდეგ Lukoil-ის შვილობილები, რომლებიც რუსეთს გარეთ იმყოფებიან საბანკო გადახდებს ვეღარ მიიღებენ.
არსებული მდგომარეობით, "ლუკოილ საქართველოს" გენერალური დირექტორის პოსტს რუსეთის მოქალაქე, რომან პეტრაშოვი იკავებს. კომპანიას 2024 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს "ლუკოილის" შემოსავალმა 762.5 მილიონ ლარს მიაღწია (წლიური ზრდა 279 მლნ ლარი).
კომპანია საქართველოში 24 საკუთრებაში არსებული, 26 იჯარით აღებული და 10 ფრანჩაიზული ავტოგასამართი სადგურით ოპერირებს, რომლებიც ქვეყნის ყველა რეგიონშია განთავსებული. მისი ძირითადი მომწოდებელი ბულგარეთში მდებარე LUKOIL NEFTOHIM BURGAS AD-ია, რომელიც „ლუკოილის“ ჯგუფში შედის.
ცნობისთვის, LUKOIL-ის ავტოგასამართ სადგურების ქსელი რუსეთის მიღმა, შემდეგ ქვეყნებში ოპერირებს: ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, რუმინეთი და სერბეთი - ჯამში 750-ზე მეტ ლოკაციაზე.




























