კომპანია „ლუმიერსი“ 12 დეკემბერს ახალ ფილიალს სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ გახსნის. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ემილ კურბანოვმა BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილაში“ განაცხადა.
„ვარკეთილისა და მიმდებარე უბნების მოსახლეობისთვის 12 დეკემბერს გავხსნით ფილიალს. „ისთ ფოინთი“ ახალ ზონებს ამატებს და გადავწყვიტეთ, რომ „ლუმიერსიც“ ამ სივრცეში ყოფილიყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა კურბანოვმა.
კომპანიის საერთაშორისო გაფართოება აქტიურ ფაზაშია. კურბანოვის თქმით, მადრიდის ფილიალი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა: „მადრიდის ფილიალთან დაკავშირებით უამრავ წერილს ვიღებთ. გვიხარია, რომ ევროპიდან წამოსული პროდუქტი კვლავ ევროპაში დავაბრუნეთ, მით უფრო, ასეთ ქალაქში, სადაც იქამდე მსგავსი პროდუქტი საერთოდ არ არსებობდა და ისევე როგორც საქართველოში, მადრიდშიც პირველები აღმოვჩნდით“, - თქვა მან.
მისივე შეფასებით, ფილიალის ცენტრალური განთავსება და ქალაქის საშობაო ატმოსფერო, რომელიც ტურისტულ ნაკადს ზრდის, ოპერირებას დამატებით ხელს უწყობს.
„ლუმიერსი“ პირველმა შეიტანა პროდუქტი სტამბულშიც, სადაც უკვე შეინიშნება კონკურენცია, რაც კურბანოვის შეფასებით, ბაზარს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. კომპანიის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში სტამბოლში მეორე ფილიალიც გაიხსნება. გაფართოების გეგმების მიხედვით, 2026 წლის 15 იანვარს „ლუმიერსი“ დუბაიშიც დაიწყებს ოპერირებას.
Lumier's Chimney Cake პირველად ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. დამფუძნებლებმა წარმოება მინიმალური 300 ლარის ინვესტიციით დაიწყეს.




























