მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუმიერსი“ დუბაიში, კიდევ 3 ფილიალის გახსნას გეგმავს

ტრდელნიკი

ტრდელნიკის მწარმოებელი ქართული კომპანია „ლუმიერსი“ დუბაის ბაზარზე გაფართოებას გეგმავს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ემილ კურბანოვმა BM.GE-სთან განაცხადა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი ფილიალის გახსნიდან ორ თვეში, რომელშიც 175 00 დოლარის ინვესტიცია ჩადო, კომპანია კიდევ სამი ახალი ობიექტის დამატებაზე მუშაობს.

კურბანოვის თქმით, დუბაის ფილიალის გახსნა რეგიონში ომის დაწყებას დაემთხვა. მისი განმარტებით, ობიექტის გახსნიდან ერთ კვირაში ბაზარი დროებით შენელდა, თუმცა მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა და ქვეყანა ჩვეულ რეჟიმს სწრაფად დაუბრუნდა.

„ორი თვის წინ, დუბაიში ფილიალი გავხსენით. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, გახსნის პროცესმაც და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა - გახსნიდან ზუსტად ერთ კვირაში დაიწყო ომი. ყველაზე ნაკლებად რასაც ელოდები, პრინციპში ეგ მოხდა. ორი კვირა გაგრძელდა ეს პასიური პერიოდი და შემდეგ ქვეყანა ძალიან სწრაფად გადაეწყო. ჩვეულებრივად ადაპტირდა ყველა და შესაბამისად, ჩვენც უკვე დავიწყეთ აქტივობები“, - ამბობს კურბანოვი.

კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ორი თვე საკმარისი არ არის ბაზრის სრულად შესაფასებლად, თუმცა საწყისი შედეგები და მოლოდინები პოზიტიურია. მისივე თქმით, დუბაიში „ლუმიერსის“ ბრენდი ბევრმა მომხმარებელმა უკვე იცოდა, რადგან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრები ან მოგზაური მომხმარებლების ნაწილი საქართველოს ხშირად სტუმრობს.

„ძალიან ბევრი ადამიანია დუბაიში, ვინც იცის “ლუმიერსის” ბრენდის შესახებ. იმდენად ხშირად სტუმრობენ ისინი საქართველოს, რომ დიდად კითხვა არ გასჩენიათ, ამ ბრენდის ქვეშ რა პროდუქტი იყიდება“, - აცხადებს კურბანოვი.

აღსანიშნავია, რომ დუბაის ფილიალი საქართველოს ბაზარზე არსებული კონცეფციისგან განსხვავდება. კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივ მომხმარებელზე მორგებული მენიუ შეიქმნა, სადაც ტკბილ ტრდელნიკებთან ერთად არატკბილი პროდუქტებიცაა.

"დუბაიში გავაკეთეთ არატკბილი პროდუქცია - სენდვიჩები, რომელსაც მჭადის ნამცხვრით ვამზადებთ. დილიდან დაახლოებით 3-4 საათამდე ეს მიმართულება მუშაობს, რადგან იქ ოფისური ცხოვრება ძალიან აქტიურია და ხალხი ხშირად გარეთ საუზმობს ან ლანჩზე გადის", - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

მისივე თქმით, დუბაის ფილიალი საქართველოს ობიექტებისგან იმითაც განსხვავდება, რომ take away ფორმატის ნაცვლად მომხმარებლებს ადგილზე დასაჯდომი სივრცე დახვდებათ და პროდუქციაც თეფშზე სერვირდება, რაც კომპანიას უფრო მრავალფეროვანი მენიუს შეთავაზების შესაძლებლობას აძლევს : „ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მომხმარებლებს არა მხოლოდ ჭიქაში სერვირებული პროდუქტი შევთავაზოთ, არამედ უფრო მრავალფეროვანი მენიუ გვქონდეს", - ამბობს კურბანოვი.

დუბაის გარდა, კომპანია პარალელურად სტამბოლის ბაზარზეც აგრძელებს გაფართოებას. „ლუმიერსს“ ამჟამად სტამბოლში ორი ფილიალი აქვს და მესამე ობიექტის დამატებას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლოკაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, სად გაიხსნება ახალი ფილიალი. პროექტში დაახლოებით 80 000 დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება.

Lumier's Chimney Cake ბაზარზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა. დამფუძნებლებმა წარმოება მინიმალური 300 ლარის ინვესტიციით დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები