"ლუმიერსმა" მადრიდის შემდეგ ფილიალი სტამბოლში გახსნა. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ემილ კურბანოვმა და კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, გვანცა იჩქითმა BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” ისაუბრეს.
"ლუმიერსი" ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ჩეხურ ტრდელნიკს სთავაზობს. ამ დროისათვის კომპანია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ჯამში 7 ფილიალს ფლობს.
"ლუმიერსის" თანადამფუძნებელი, ემილ კურბანოვი აცხადებს, რომ ექსპორტის განვითარებაზე მუშაობა კომპანიამ ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო, გასულ წელს მადრიდში პირველი ფილიალი გახსნა, წელს კი ბრენდი თურქეთში, სტამბოლშიც გავიდა.
“ექსპორტზე მუშაობა 2023 წელს დავიწყეთ. დაახლოებით 10 თვის მანძილზე ვეძებდით ჩვენი ობიექტისთვის ფართს. 1 აგვისტოს, მადრიდში ფართის იჯარით აღებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას გავაფორმეთ, შემდგომ სარემონტო სამუშაოები დავიწყეთ და 2024 წლის დეკემბერში, პირველი ფილიალი მადრიდში გავხსენით. ობიექტის ამ ბაზარზე გახსნამ საკმაოდ საინტერესო შედეგები მოიტანა. კარგი გამოხმაურება გვაქვს, მადრიდის მოსახლეობისგან, რომლებიც გვწერენ, რომ ტრდელნიკები პირველად ნახეს და დააგემოვნეს. ამასთან, უამრავი ესემესი შემოდის ფრენჩაიზების გაყიდვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულების განვითარებაზე თავს ვიკავებთ, ფრენჩაიზის მიმართულებით ვმუშაობთ. კერძოდ, საქართველოსგან განსხვავებით, მადრიდში ბევრი საკონსულტაციო კომპანია არსებობს, რომლებიც მსგავსი ტიპის ბიზნესებს სწორი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებიან. შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ კომპანიებთან კონსულტაციებს გავდივართ
მადრიდში ფილიალი მეგობრებთან ერთად გავხსენით. ასევე ერთად ვახორციელებთ პროექტს სტამბოლში და ერთი კვირის წინ "ლუმიერსის" ფილიალიც გავხსენით. აქ ჩვენი კონტაქტები გვაქვს და ფრენჩაიზის მიმართულება არ დაგვჭირდება”, - ამბობს კურბანოვი და დასძენს, რომ სავარაუდოდ, მაის-ივნისში, ესპანეთში ფრენჩაიზის გაყიდვას შეძლებენ.
კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი, გვანცა იჩქითი გადაცემაში ამბობს, რომ "ლუმიერსი" საერთაშორისო ბაზარზე არსებული გეგმების პარალელურად, საქართველოში განვითარებაზეც მუშაობს.
“საქართველოში ამ დროისათვის ხუთი ფილიალი გვაქვს. რეგიონებში გასვლაც გვინდა... საზღვაო კურორტებს განვიხილავთ. ამაზე ვმუშაობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე "ლუმიერსის" ფილიალებს დასავლეთ საქართველოშიც შემოგთავაზებთ”, - აცხადებს იჩქითი.




























