ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში.
ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.
„ახლახან დასრულდა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კომიტეტის წევრებთან. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ საკითხებზე, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე უსაფრთხოების ვითარებას ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ასევე ეკონომიკურ პროგრესს.
ლუქსემბურგის პარლამენტარებს ჰქონდათ კითხვები სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით და ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ იმის შესახებ, თუ რა ხდება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, თუ რა როლს თამაშობს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ასევე ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლებაზე.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დიდი ინტერესი გამოიწვია იმიტომ, რომ ბევრი წევრი დაესწრო ამ შეხვედრას. ლუქსემბურგის პარლამენტი შედარებით მცირერიცხოვანია და ათზე მეტი წევრი იყო ამ შეხვედრაზე, ესეც ნათლად აჩვენებს იმ ინტერესს, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს”, - დასძინა სამხარაძემ.
მან ისაუბრა ლუქსემბურგის საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზეც და აღნიშნა:
„დღეს ასევე შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში და აქაც, ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ გამჭვირვალობის კანონს. ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგს ეწვევა.
როგორც ცნობილია, ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატაში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მასპინძლები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გუსტი გრაასი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ჰანსენი იყვნენ.
ასევე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის დირექტორთან ვერონიკ დოკენდორფთან.




























