აგროსერვისების მიმწოდებელი "ნიადაგი ჯგუფი" აღმოსავლეთ საქართველოში მოცვის გაშენების პერსპექტივებზე მუშაობს. მისმა დამფუძნებელმა, ნიკოლოზ დიდებაშვილმა გადაცემა "საქმიან დილაში" ამ კულტურის ქოთნებში გაშენების თანამედროვე მიდგომებზე ამახვილებს ყურადღებას.
საქმე ის არის, რომ საქართველოში დღეის მდგომარეობით დაახლოებით 3000 ჰექტარზე მეტი ფართობის მოცვის ბაღები არის გაშენებული, საიდანაც საშუალოდ 3-წლიან პერიოდში, 15-დან 20 ათას ტონამდე მოსავალს მივიღებთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ კულტურას გავრცელების თვალსაზრისით რეგიონული დივერსიფიკაცია არ ახასიათებს და რაოდენობის აბსოლუტური ოდენობა დასავლეთ საქართველოშია კონცენტრირებული.
"ნიადაგი ჯგუფის" დამფუძნებელს ნიკოლოზ დიდებაშვილს აღმოსავლეთ საქართველოში მოცვის მოყვანის პოპულარიზაციისთვის თავისი არგუმენტები და მიდგომები აქვს.
"დასავლეთ საქართველოში ლურჯ მოცვს დაახლოებით თვენახევრიდან ორ თვემდე პერიოდში ვაწარმოებთ. აღმოსავლეთ საქართველო კი, თავისი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე დაახლოებით ოთხ თვემდე გაზრდის წარმოების ფანჯარას. ამას დავამატოთ შენახვის პერიოდი და გამოდის, რომ მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ვიქნებით მიმწოდებელი, რაც თავისთავად ამ ინდუსტრიაში უდიდეს ნაბიჯს ნიშნავს", - ამბობს "ნიადაგი ჯგუფის" დამფუძნებელი.
ნიკოლოზ დიდებაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ამ მიმართულებით "ნიადაგი ჯგუფი" საკმაოდ აქტიურად მუშაობს და ხელშესახები შედეგებიც აქვს. რამდენიმე ინიციატივიდან "ნიადაგი ჯგუფის" დამფუძნებელმა ერთ-ერთი გამორჩეული დემო პროექტი გამოყო, რომელსაც შვეიცარიულ კომპანია Vivent Biosignals-თან ახორციელებს. აღნიშნული პროექტი, ქოთნებში ლურჯი მოცვის წარმოების სრული ციკლის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით წარმართვას მოიაზრებს. ნიკოლოზ დიდებაშვილი "საქმიანი დილის" ეთერში გლობალურ ბრენდებთან კიდევ რამდენიმე თანამშრომლობაზეც საუბრობს.
"ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ის პროდუქტებია, რომლებიც პლანტაციების გაშენებისთვის არის საჭირო. ამ თვალსაზრისით უნდა გამოვყო "ნიადაგი ჯგუფისა" და Legro Group-ის პარტნიორობა. ეს არის 100-წლიანი გამოცდილებით მქონე ჰოლანდიური კომპანია, რომელიც პრემიუმ ხარისხის სუბსტრაქტს აწარმოებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლურჯი მოცვის ქოთანში წარმოებისთვის.
ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იტალიურ ბრენდ Pasquini e Bini-თან, რომელიც 1960 წლიდან კენკროვანი კულტურებისთვის განკუთვნილ ქოთნებს აწარმოებს და მსოფლიო ბაზარზე ამ მხრივ მოწინავე პოზიციას იკავებს.
გარდა ამისა, ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ Treis Group-თან, ეს არის ბერძნული უმსხვილესი კომპანია, რომელიც მაღალხარისხიან აგროქსოვილს აწარმოებს. ეს არის სწორედ ის კომპონენტები, რაც მნიშვნელოვანია მოცვის პლანტაციის გაშენებისთვის. ჩვენი კომპანია სრულად ხარისხზეა ორიენტირებული და შესაბამისად, ვგეგმავთ პორტფელში პრემიუმ ხარისხის ბრენდების წილი კიდევ უფრო გავზარდოთ", - განმარტავს ნიკოლოზ დიდებაშვილი
ცნობისთვის: საქართველოს აგროსფეროში თანამედროვე ცოდნის, გამოცდილების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანის მიზნით, აგროსერვისების მიმწოდებელი, პირველი კომპანია, "ნიადაგი" 5 წლის წინ დაფუძნდა. მას შემდეგ კომპანია პოტენციურ მომხმარებლებს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სრულ მომსახურებას სთავაზობს, იდეის დაბადებიდან - ექსპორტის განხორციელებამდე.




























