მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლურჯი ზვიგენების" ზღაპარი: როგორ გავიდა კაბო-ვერდე პირველად მუნდიალზე

კაბო-ვერდე მსოფლიოზე

1975 წელს 5 ივლისს კაბო-ვერდეს დედაქალაქ პრაიაში, ესტადიო დე ვარჟეას სტადიონზე, ქვეყნის დროშა პირველად აღიმართა, რაც პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნიშნავდა. იმ დროს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჯერ არ არსებობდა და არაფერი მიუთითებდა იმაზე, რაც შემდეგ უნდა მომხდარიყო.

ზუსტად დამოუკიდებლობის 50 წლის იუბილედან 100 დღის შემდეგ, ამავე სტადიონზე კვლავ აფრიალდა ქვეყნის დროშა – ამჯერად ხალხი იმ ისტორიული მომენტის აღსანიშნავად შეიკრიბა, როცა კაბო-ვერდემ პირველად გაიფორმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური.

ეს სენეგალთან ახლოს მდებარე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა 600,000-საც ვერ აღწევს, გახდა მეორე ყველაზე მცირე ქვეყანა, რომელიც მუნდიალზე გავიდა 2018 წლის ისლანდიის შემდეგ. წარმოიდგინეთ, კაბო-ვერდე მსოფლიოში მხოლოდ 166-ეა ტერიტორიით და მისი ტერიტორია მხოლოდ 4000 კმ კვადრატს შეადგენს, რითაც ისტორიაში ყველაზე პატარა სახელმწიფო გახდა, რომელიც მუნდიალზე იასპარეზებს, აქამდე რეკორდი 2006 წლის ტრინიდადსა და ტობაგოს ეკუთვნოდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება კაბო-ვერდეს აქამდე არ გამოუვიდა. აფრიკის კონტინენტის ყველაზე დიდ ტურნირზე კაბო-ვერდემ სადებიუტოდ 2013 წელს ითამაშა და მეოთხედფინალში გავიდა, რომელი შედეგიც გასული გათამაშების დროს, 2023 წელს გაიმეორა და საუკეთესო 8 ნაკრებს შორის მეორედ მოხვდა. აფრიკის ეროვნებათა თასზე კაბო-ვერდეს ნაკრებმა ისტორიაში ოთხჯერ, 2013, 2015, 2021 და 2023 წელს ითამაშა. პროგრესი აშკარაა: საუკუნის დასაწყისში მათი რეიტინგი მსოფლიოს 182-ე პოზიცია იყო. ახლა კი 67-ე ადგილზე არიან, და დიდი ალბათობით ეს მაჩვენებელი კიდევ გაუმჯობესდება.

„დამოუკიდებლობის დღე და 1991 წლის 13 იანვარი – როცა პირველი მრავალპარტიული არჩევნები გაიმართა – ჩვენი ხალხის გამაერთიანებელი ორი სიმბოლური თარიღია,“ — თქვა სახელმწიფოს პროტოკოლის სამმართველოს დირექტორმა ჟოზე მარია სილვამ. „ამ მსოფლიოზე გასვლას უკვე შეიძლება ეწოდოს ჩვენი ერის მესამე გარდამტეხი მომენტი.“

კაბო-ვერდელ ხალხს ემოციების ძლიერ გამოხატვა არ ახასიათებს, თუმცა მატჩის წინა ღამითაც განსაკუთრებული აღფრთოვანება იგრძნობოდა. ქვეყნის დროშები ეკიდა აივნებზე, ბარებსა და რესტორნების ფანჯრებზე, მანქანებზე — თუმცა ატმოსფერო მშვიდად რჩებოდა. 15,000 ქომაგი მშვიდად მივიდა 2014 წელს გახსნილ ეროვნულ სტადიონზე, რომელიც ჩინეთის მიერ არის დაფინანსებული. მიუხედავად დაძაბულობისა, სტადიონზეც და გარეთაც სიმშვიდე სუფევდა.

ესვატინის ნაკრების სამ ბურთიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ კუნძულელებმა საწადელს მიაღწიეს თანაც ნაკრებში დიასპორაში მცხოვრები კაბო-ვერდელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე თავად ქვეყანაში მცხოვრები, და ბოლო ორ მატჩში გამოძახებულ 25 მოთამაშეს შორის 14 მათგანი უცხოეთში გაზრდილი იყო.

ორი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელების მოზიდვა 2002 წლიდან დაიწყო – მაშინ, როცა კაბო-ვერდემ პირველად სცადა მუნდიალზე გასვლა, მაგრამ შესარჩევის წინასწარ რაუნდში ჩარჩა. ინიციატორი იყო ლიტო - თავდამსხმელი, რომელიც ბავშვობაში პორტუგალიაში გადავიდა და იქ 200-მდე თამაში ჩაატარა უმაღლეს დივიზიონში.

დიასპორელი ფეხბურთელების ქსელი თანდათან გაფართოვდა და მოიცვა საფრანგეთი და ნიდერლანდებიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როტერდამს, სადაც 23,000-ზე მეტი კაბო-ვერდელი ცხოვრობს. იქიდან 6 ფეხბურთელია ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობაში.
ამ მრავალფეროვანი მოთამაშეების მომზადების გასაღები იყო მათი ინტეგრირება ადგილობრივ ბირთვთან. ამისთვის მთავარმა მწვრთნელმა პედრო ლეტაო ბრიტომ, მეტსახელად ბუბისტამ, ყურადღება გაამახვილა კაბო-ვერდეს იდენტობის გაძლიერებაზე, რასაც ლიდერობას უწევდნენ ადგილობრივი ვეტერანები, როგორებიც არიან ვოზინია და სტოპირა არიან. ორივე მათგანი ადგილობრივი ნახევრად პროფესიონალური ლიგიდანაა, სადაც საშუალო ხელფასი €200–300-ია.
ფედერაციის პროფესიონალიზმაც განაპირობა პროგრესი. მიუხედავად მცირე რესურსებისა და მხოლოდ 8 თანამშრომლისა, ფედერაცია მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებს.

უშუალოდ ტურნირზე ყველას გასაკვირად კაბო-ვერდემ სენსაცია მოახდინა. ჯგუფურ ეტაპზე მოქმედ ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან კარი მშრალად შეინახა, რაც დიდწილად ზემოთ ნახსენები მეკარის ვოზინიას დამსახურებაა, რომელმაც ესპანელთა 7 დარტყმული მოიგერია და ფრე ითამაშა, იგივე შედეგი გაიმეორა ურუგვაისა და საუდის არაბეთთანაც და სამი საყაიმო ანგარიშით, აფრიკელები მე-16ედ ფინალში გავიდნენ სადაც მათი მეტოქე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრები იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატის მე-16ედ ფინალში გასვლისთვის ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია დაახლოებით $11 მილიონს მიიღებს, რაც დაეხმარება მათ დიასპორის ტალანტების აღმოჩენის უკეთეს სისტემაზე მუშაობაში. ამჟამად ამ საქმეს ხუთი ადამიანი უძღვება.

როგორც ცნობილია, ადგილობრივების მიზანია ლურჯი ზვიგენების დონის აწევა და იმ დონის მიღწევა, როცა ისეთი მოთამაშეებიც, როგორიცაა მაგალითად პსჟ-ს ნუნუ მენდეში, კაბო-ვერდეს აირჩევენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ წელს სწორედ კაბო-ვერდესთან გამართა ამხანაგური შეხვედრა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე და თამაში ფრედ 1-1 დასრულდა. უშუალოდ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა ფაქტობრივად არ არსებობს. წელს პირველ კვარტალში საქართველოში კაბო-ვერდედან ტურისტი არ ფიქსირდება, თუმცა 2025 წელს ნაკრების საგულშემატკივროდ ლურჯ ზვიგენებს ქვეყანაში 13-მდე ტურისტი ჩამოჰყვა. ამასთანავე არ ფიქსირდება ფულადი გზავნილები და არ აღინიშნება საგარეო ვაჭრობა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდით კაბო-ვერდესა და მსგავსი ჯუჯა სახელმწიფოების გუნდებს შანსი მიეცათ მსოფლიოს ყველა წერტილში ყურადღების ცენტრში იყვნენ და აჩვენონ დანარჩენ სამყაროს, რომ მათაც შეუძლიათ დიდი მიზნების მიღწევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები