ავტორი: სალომე ზაალიშვილი
პარიზის მთავარი პროკურორის, ლორ ბეკუს განცხადებით, გასულ კვრიას ლუვრის მუზეუმიდან მოპარული ძვირფასეულობის ღირებულება 88 მილიონ ევროს შეადგენს (102 მილიონი აშშ დოლარი). თუმცა ეს შეფასება არ ითვალისწინებს მათ ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას.
საჯაროდ არსებული მოსაზრების თანახმად, სამკაულები შესაძლოა, გასაყიდად გადაადნონ, ხოლო ძვირფასი ქვები ხელახლა დაამუშაონ. თუმცა ბეკუს განცხადებით, "მძარცველები, ვის ხელშიც ამჟამად სამკაულები არის, არ მიიღებენ 88 მილიონ ევროს თუ მათ სამკაულების დაშლის და ძვირფასი თვლების და მეტალის გაყიდვა გადაწყვიტეს".
ძარცვამ გამოააშკარავა, რომ ლუვრში არსებული სამკაულები დაზღვეული არ იყო. კერძო გალერეებისგან განსხვავებით, სადაც ექსპონატები კერძოდაა დაზღვეული, ეროვნული მუზეუმები თვითდაზღვევას მიმართავენ და იღებენ ზარალის რისკს ქურდობის ან ხანძრის შემთხვევაში.
ცნობისთვის, კვირიდან მოყოლებული დაკეტილი ლუვრი ქურდობის შემდეგ მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ნაწილობრივ გამოჟონილი აუდიტის დასკვნის გამო, რომლის მიხედვითაც მუზეუმის უსაფრთხოების კამერების უმეტესობა არ მუშაობს. თუმცა, სამშაბათს, ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას, კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ უარყო, რომ მუზეუმის უსაფრთხოების სისტემა გაუმართავია.




























