ავტორი: სალომე ზაალიშვილი
კვირას მომხდარმა ძარცვამ არა მხოლოდ საფრანგეთი, არამედ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, ქურდების სამიზნე საიმპერატორო ძვირფასეულობა იყო.
ლუვრი აქვეყნებს საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, სადაც მოცემულია დეტალური ჩამონათვალი, იმ ნივთებისა, რომლების გატაცებაც მოახერხეს ქურდებმა, ესენია:
დედოფალი მარი-ამელის და დედოფალი ორტენზიას საფირონის სამკაულების ნაკრებიდან რამდენიმე ნივთი: დიადემა, ყელსაბამი და საყურეები.

დიადემა მორთულია 24 საფირონით და 1083 ბრილიანტით, ყელსაბამი - 8 საფირონით და 631 ბრილიანტით ხოლო საყურეები 4 საფირონით და 59 ბრილიანტით
ზურმუხტის ყელსაბამი და საყურეები იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის მეუღლის მარია ლუიზას კუთვნილი ნაკრებიდან

მარია ლუიზას და იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის საქორწინო საჩუქარი. ყელსაბამი მორთულია 32 ზურმუხტის თვლით და 1138 ბრილიანტით.

საყურეები 6 ზურმუხტის თვლითაა მორთული, აქედან ორი წვეთის ფორმის თვალი 42,5 კარატიანია, ამასთანავე საყურე ჯამში 108 ბრილიანტითაა მორთული
ბრილიანტის გულსაბნევი სახელწოდებით “რელიქვია”

გულსაბნევი "რელიქვია", რომელიც ჯამში 94 ბრილიანტითაა მორთული, 19 საუკუნის სამკაულების მოტივებზეა შექმნილი, სავარაუდოდ სახელი მომდინარეობს მისი დანიშნულებიდან, თუმცა გულსაბნევის არსებული ვარიანტი არ იხსნება, საიდუმლო სამალავი არ აქვს.
საფრანგეთის ბოლო იმპერატორის ნაპოლეონ III-ს მეუღლის ეუხენია დე მონტიხოს დიადემა და ბრილიანტის გულსაბნევი ბაფთა

დიადემა ჯამში 212 მარგალიტით და 1998 ბრილიანტითაა მორთული

შთამბეჭდავი გულსაბნევი ბაფთა 2634 ბრილიანტითაა მორთული

თითქმის 2500 ბრილიანტითა და 56 ზურმუხტით მორთული ოქროს საიმპერატორო გვირგვინი
საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადების თანახმად, მძარცველების მუზეუმში შეღწევის შემდეგ, როდესაც ლუვრის ერთ-ერთ აივნის ფანჯარა ჩაამტვრიეს, უსაფრთხოების სისტემა ჩაირთო, რასაც მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ამის გამო მძარცველებს გზაში დაუვარდათ მეცხრე მოპარული ნივთი, ეუხენია დე მონტიხოს საიმპერატორო გვირგვინი, რომელიც ექსპერტიზაზეა წაღებული.
ფრანგულ მედიასთან საუბრისას საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ხაზი გაუსვა ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლის გამოწვევებს. არსებული უსაფრთხოების სისტემა და პროტოკოლი ვერ უმკლავდება პირებს, რომლებიც მოქმედებენ ჯგუფურად. კულტურის მინისტრს არ უსაუბრია მოპარული ნივთების მატერიალურ ღირებულებაზე, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ამ ნივთებს უდიდესი ეროვნული ფასეულობა აქვს.
ლუვრის მუზეუმი, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებელს მასპინძლობს, ახალი მითითების მიღებამდე დაკეტილი იქნება, ხოლო მათ ვისაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვს თანხა უკან დაუბრუნდებათ.
სამინისტროს განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ ძარცვის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება მიმდინარეობს, ფაქტზე ოთხი დამნაშავე პირი იძებნება, რომლებიც ცნობის თანახმად ადგილიდან ორი სკუტერით მიიმალნენ.




























