ფუფუნების საგნების მწარმოებელმა ფრანგულმა გიგანტმა, LVMH-მა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაყიდვების 2-პროცენტიანი კლება დააფიქსირა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში წლის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ დასაწყისს წარმოადგენს.
ჯგუფის მთლიანმა შემოსავალმა საანგარიშო პერიოდში 20.7 მილიარდი ევრო შეადგინა. განსაკუთრებული ვარდნა მაღალი მოდისა და ტყავის ნაწარმის სეგმენტში დაფიქსირდა, სადაც გაყიდვები მოსალოდნელზე მეტად დაეცა. ამასთან, ღვინისა და სპირტიანი სასმელების კატეგორიაში გაყიდვების 12-პროცენტიანი კლება სექტორში არსებულ საერთო ტენდენციას კიდევ უფრო აშკარას ხდის.
კომპანიის განმარტებით, საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით კი აზიის რეგიონში, პრემიუმ კლასის პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად ეცემა. იაპონიის გამოკლებით, აზიის ბაზარზე კომპანიის შემოსავლები 6 პროცენტით შემცირდა, რაც ჩინეთში არსებულ რთულ მაკროეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება.
ფუფუნების ინდუსტრიაში არსებული სტაგნაცია გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე რთულ პროცესებსა და მაღალ ინფლაციურ ფონს უკავშირდება.
ექსპერტების შეფასებით, LVMH-ის და ფუფუნების ინდუსტრიის აღდგენა სამომავლო მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, საპროცენტო განაკვეთების დინამიკასა და ჩინეთის სამომხმარებლო ბაზრის სტაბილიზაციაზე იქნება დამოკიდებული.




























