ძვირად ღირებული ბრენდების უმსხვილესმა კონგლომერატმა LVMH-მა ორი ათწლეულის განმავლობაში რეკორდული ზრდა დააფიქსირა, რასაც წინ უსწრებდა ჩინეთის ბაზარზე გაუმჯობესებული მოთხოვნა, რომელმაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო უფრო ფართო სექტორის ზრდას და ფუფუნების ევროპული კომპანიების საბაზრო ღირებულებას თითქმის $80 მილიარდი შემატა.
ფუფუნების საგნების წამყვანმა ჰოლდინგმა, რომლის მფლობელობაშიც Louis Vuitton-ის, Christian Dior-ის და სხვა მოდის სახლებთან ერთად, ძვირად ღირებული სასმელებისა და თავის მოვლის მწარმოებლებიც ერთიანდებიან, ერთ დღეში 14%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც 2001 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
ამასთან, კომპანიამ საპროგნოზო მაჩვენებელზე უკეთ დახურა მესამე კვარტალი, გაყიდვების მიხედვით, რაც, როგორც აღინიშნა, ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის ზრდით აიხსნება. 5%-დან 9%-მდე ზრდა დააფიქსირეს LVMH-ის კონკურენტმა Hermes-მა, Kering-მა, Burrbery-მ და Richemont-მაც, რამაც ინვესტორებს იმედი გაუჩინა, რომ, 2-წლიანი კლების შემდეგ, ინდუსტრია აღმავლობის გზას დაადგა.
ფრანგი მილიარდერის, ბერნარ არნოს მიერ კონტროლირებადი LVMH-ის მიერ გამოცხადებული კვარტალური გაყიდვების ზრდა, კომპანიისთვის წელს ზრდის პირველ კვარტალს წარმოადგენს და მოდის, ალკოჰოლური სასმელებისა და საიუველირო ნაწარმის სფეროს მოიცავს.
ამან ხელი შეუწყო აქციების ზრდას, რამაც Reuters-ის გათვლებით, STOXX Europe Luxury 10 ინდექსში შემავალი ფირმების საბაზრო კაპიტალიზაციას დაახლოებით $80 მილიარდი შემატა.
LVMH-ისთვის მნიშვნელოვანი სეგმენტი მოდისა და ტყავის ნაწარმის დივიზიაა, Louis Vuitton-ისა და Dior-ის შემადგენლობით, რომლებზეც ჯგუფის მოგების 2/3-ზე მეტი მოდის.




























