ფრანგულმა კომპანია LVMH-მა და ამერიკულმა Tiffany-იმ ყიდვის გარიგებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის ფარგლებშიც LVMH-ი Tiffany-ის თითო აქციაში 131.50 აშშ დოლარს გადაიხდის 135 აშშ დოლარის ნაცვლად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ეს ცვლილება ჯამში გარიგების ღირებულებას 400 მილიონი აშშ დოლარით ამცირებს. შედეგად LVMH-ს 15.8 მილიარდის გადახდა მოუწევს, მაშინ როდესაც გარიგების თავდაპირველი ღირებულება 16.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
აღნიშნული გარიგება ძალაში რომ შევიდეს, Tiffany-ის მოწილეებმა თანხმობა უნდა განაცხადონ. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ახალი შეთანხმება ძალაში მომავალი წლის დასაწყისიდან შევა.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ LVMH-თან წარმატებით შედგა ეს გარიგება და ღირებულებაც მიმზიდველი აღმოჩნდა. შესაბამისად მალე გახდება შესაძლებელი დაიწყოს შერწყმის პროცედურა“, - განაცხადა Tiffany-ის თავჯდომარემ როჯერ ფარამ.
ცნობისთვის, გარიგება LVMH-ის მიერ Tiffany-ის ყიდვას ეხება.