დეველოპერული კომპანია m² თბილისში ერთდროულად ექვს ახალ საცხოვრებელ კომპლექსს წარადგენს, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 30 ჰექტარია, პროექტების ფარგლებში კი ჯამურად დაახლოებით 10 000 ბინის მშენებლობა იგეგმება. კომპანიის გენერალური დირექტორის, დიმიტრი ადამიას განცხადებით, ექვსი პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 მლრდ-ს აღემატება. პროექტების განხორციელებაში m²-ის პარტნიორი TBC იქნება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი პროექტების წარდგენა 5 დეკემბერს იგეგმება. m²-ს ახალი აქციონერები და მენეჯმენტი დაახლოებით ექვსი თვის წინ შეუერთდნენ. განახლებული გუნდი თბილისში ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე მასშტაბური კომპლექსების განვითარებას გეგმავს. მათ შორისაა თბილისის ზღვის მიმდებარედ 15 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც m²-ის ახალმა გუნდმა ჩინური Hualing Group-ისგან შეიძინა.
ახალი პროექტები მოიცავს დიდ დიღომს, გურამიშვილის გამზირს, გლდანს, მუხიანს, ალექსიძის ქუჩასა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას.
„m² 20-წლიანი კომპანიაა და უდიდესი ისტორიით ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციებით ამ სექტორში. ვაანონსებთ ექვს ახალ პროექტს. ეს ერთი-თითოეული კორპუსი არ არის, ეს არის მასშტაბური პროექტები, კომპლექსები. კომპლექსებია, როგორიც არის, მაგალითად, ჩვენი m² ყუბი, რომელიც გამორჩეული პროექტია. მსგავსი პროექტებია ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე. პრეცედენტი არ ყოფილა, რომ ექვსი ამხელა კომპლექსი ვინმეს ერთდროულად გამოეტანა ბაზარზე გასაყიდად, თან სხვადასხვა ლოკაციაზე“, – განაცხადა დიმიტრი ადამიამ.
მისივე თქმით, ექვსი პროექტის ერთდროულად წარდგენის ერთ-ერთი უპირატესობა მათი გეოგრაფიული მრავალფეროვნებაა, რაც მომხმარებელს საცხოვრებლის არჩევისას მეტ შესაძლებლობას მისცემს.
„ეს ექვსი პროექტი დაახლოებით 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთია ჯამურად. ეს გამოდის დაახლოებით 10 000 ბინა. რაც შეეხება ინვესტიციას, ეს არის 2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია“, – განაცხადა ადამიამ.
m²-ის ახალი პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პარტნიორი TBC იქნება. ბანკის სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, ნათია სონიშვილის განცხადებით, TBC დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას რამდენიმე მიმართულებით ავითარებს. ეს მოიცავს როგორც ბიზნესის განვითარებისთვის ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზებას, ისე გაყიდვების ხელშეწყობას, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და კაპიტალის ბაზრებზე წვდომას.
სონიშვილის განმარტებით, ბანკი გადაწყვეტილებების მიღებისას კომპანიის ბრენდს, მენეჯმენტის გამოცდილებას, დამფუძნებლების მონაწილეობასა და ფინანსურ დისციპლინას აფასებს. მისი თქმით, m²-თან თანამშრომლობა დაახლოებით 10-11 წელს ითვლის და ამ პერიოდში მხარეებს არაერთი პროექტი განუხორციელებიათ.
„სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ვამაყობთ, რომ ასეთი ჯგუფის ძირითადი პარტნიორი ვართ. რაც შეეხება მასშტაბურობას, კიდევ ერთხელ რიცხვებში გადავიყვანოთ, მაინც ბანკთან გვაქვს საქმე და მათ უყვართ რიცხვები. ეს ექვსი პროექტი დაახლოებით 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთია ჯამურად, ეს გამოდის დაახლოებით 10 000 ბინა, რაც შეეხება ინვესტიციას, ეს არის 2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია. ერთია, დაგეგმო, გყავდეს ისეთი პარტნიორი, როგორიც TBC-ა“, – განაცხადა ნათია სონიშვილმა.
მისივე თქმით, TBC დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას სამ ძირითად მიმართულებად ყოფს.
„პირველი ეს არის ბიზნესის განვითარება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ ბიზნესმოდელზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებები მივიღოთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სტრატეგიულ განვითარებას.
მეორე ეს არის გაყიდვების ზრდა და მომხმარებლის გამოცდილების გაძლიერება. მგონია, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზუსტად მომხმარებლების გამოცდილების გაძლიერება და ამ მიმართულებითაც საკმაოდ აქტიურად მუშაობს ჯგუფი. ჩვენი ძლიერი საცალო ბიზნესის და ასევე იპოთეკური პროგრამების საშუალება გვაძლევს, დეველოპერულ კომპანიებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის მნიშვნელოვანი შუამავალი რგოლი შევასრულოთ. სწორედ შემდგომ ეს ითარგმნება დამატებით სარგებელში, რომელსაც დეველოპერები სთავაზობენ საბოლოო მომხმარებლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დაკრედიტება გავხადოთ მეტად კომფორტული, ხელმისაწვდომი და გამარტივებული.
მესამე ასევე არის კაპიტალის ბაზრები. TBC კაპიტალის მეშვეობით, მათი კვლევებისა და სექტორების ანალიზის მეშვეობით, ჩვენს დეველოპერულ კომპანიებს საშუალებას ვაძლევთ, მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მათ ფინანსური რესურსების მოზიდვის დივერსიფიკაციაში.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მინდა ხაზი გავუსვათ, ჩვენთვის ის არის, რომ წარმატებული პროექტი და წარმატებული პარტნიორობა დეველოპერებთან არ ნიშნავს მხოლოდ ფინანსურად წარმატებულ დეველოპერულ კომპანიას, არამედ იმ დამატებით ღირებულებას, რომელსაც ეს კომპანიები ქმნიან საბოლოო მომხმარებლებისთვის და რაც, თავის მხრივ, შემდგომ მათ კმაყოფილებასა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში ითარგმნება“, – განაცხადა ნათია სონიშვილმა.
მისივე შეფასებით, მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორი ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 17%-ს შეადგენს, ამ მიმართულებით კი 93 000 ადამიანია დასაქმებული. სონიშვილის თქმით, სექტორის ზრდას დამატებითი ეფექტი აქვს ადგილობრივ წარმოებაზე, ლოგისტიკასა და მომსახურების სფეროზე.
„თუ შევაფასებთ ბოლო ცხრა თვის მონაცემებს, დაახლოებით 24%-ით არის სექტორი გაზრდილი და მათ შორის საკმაოდ ორგანული ზრდა არის ტრანზაქციების რაოდენობაზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ სექტორზე ინტერესი საკმაოდ დიდი და სტაბილურია. კარგი დინამიკა და ძლიერი ასევე ის არის, რომ არარეზიდენტების წილი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციებით არიან დაინტერესებული, რაც, თავის მხრივ, დამატებით ღირებულებას ქმნის ეკონომიკაში. ზუსტად მაგიტომ არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ისეთი პროექტები და კომპანიები დავაფინანსოთ და მხარი დავუჭიროთ, რომლებიც ასეთ პასუხისმგებლიან ინვესტიციებს აკეთებენ. ერთ-ერთი მაგალითი მგონია, რომ ზუსტად ეს ბოლო ექვსი თვის ინვესტიციაა, რაც ბაზარზე მოხდა“, – აღნიშნა ნათია სონიშვილმა.
























