მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მ7 ღვინო“ ახალ ეტაპზე გადადის – ქართულ ჯიშებს ბაზარზე „ქართლოსის“ სახელით წარადგენს

ქართლოსი

მალე ქართული მეღვინეობა „მ7 ღვინო“ ქართულ ჯიშის ღვინოებს ბაზარზე ახალი სახელით, „ქართლოსი“ წარადგენს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ბექა კოკაიამ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რებრენდინგის იდეა საერთაშორისო გამოცდილებამ გააჩინა. მისი თქმით, ამერიკის ბაზარზე „მშვიდი ღვინის“ (Mshvidi Wine) გაყიდვებისას გამოიკვეთა, რომ უცხოელი მომხმარებლები ქართული ღვინის ისტორიის შესახებ მცირე ინფორმაციას ფლობდნენ. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ახალი ბრენდის შექმნა, რომელიც ქართული მეღვინეობის კულტურას სიმბოლურადაც და ვიზუალურადაც გადმოსცემს.

„ვფიქრობ, რომ ქართულ ღვინოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ახლა იყიდება. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჩემი ღვინის რებრენდინგი არ ყოფილიყო მხოლოდ ჩემი პროდუქტის სასარგებლოდ, ეს, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მცდელობაც არის“, - აღნიშნა კოკაიამ.

ახალი ხაზის „ქართლოსის“ ეტიკეტზე გამოსახულია პირველი ქართველი მეღვინის პერსონაჟი, რომელიც 8 000 წლის წინ ყურძენს თიხის ჭურჭელში წურავდა. ბრენდის სლოგანია: „ქართლოსი – პირველი მეღვინე საქართველოში, მაშასადამე, მსოფლიოში.“

კოკაიას თქმით, ახალი დიზაინი არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შინაარსობრივადაც ატარებს საგანმანათლებლო დატვირთვას - ბოთლზე მოთხრობილია ქართული ღვინის ისტორიის მოკლე ამბავი, რათა უცხოელმა მომხმარებელმა გაიგოს, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა.

„როდესაც უცხოეთში მეკითხებოდნენ – შენი ღვინო რა ამბავს ჰყვება? – მივხვდი, რომ მცირე მარნის ღვინოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ისტორია. სწორედ ამიტომ, „ქართლოსი“ არის ამბავი, რომელიც 8 000 წლის წინ დაიწყო,“ - ამბობს მეღვინე.

მისი ინფორმაციით, „ქართლოსი“ ამ კვირიდან ეტაპობრივად შევა პარტნიორ მაღაზიებსა და ბარებში, ხოლო საექსპორტო პარტიის გაგზავნაც უკვე იგეგმება. ამავდროულად, "მშვიდი ღვინო" დარჩება ბაზარზე და გააგრძელებს ევროპული ჯიშის ღვინოების წარმოებას (მუსკატი, შარდონე), მაშინ როცა „ქართლოსის“ ხაზში მხოლოდ ქართული ჯიშები იქნება წარმოდგენილი.

ბექა კოკაია აღნიშნავს, რომ ქართული ღვინის წარმატება ინდივიდუალური კონკურენციის ნაცვლად კოლექტიურ თანამშრომლობაზე უნდა აშენდეს: „არ ვთვლი, რომ მცირე მარნები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, პირიქით, ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით. თუ მე, ჩემი ღვინის მარკეტინგს სწორად გავაკეთებ, ამით მთლიანად ქართულ ღვინოსაც ვემსახურები“.

ინფორმაციისთვის, მეღვინეობა „მ7“ -ის ვენახები ყვარელშია გაშენებული, სოფელ ახალსოფელში, ქინძმარაულის მიკროზონაში და მარანიც იმავე ტერიტორიაზე მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები