მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა - მერია

60673a405573e
თელარა გელანტია
02.04.21 19:36
845
მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეწყრულ ზონაში, პარალელურად, ეწყობა დროებითი მისასვლელი გზები, ხოლო ფერდის ზედა ნაწილში ცემენტიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება.

„ვიდეომონიტორინგით განხორციელებული დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია - უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება. რაც შეეხება მეწყრულ ზონას, ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა. უკვე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება. ამ სამუშაოებთან ერთად, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია. ამის მიზანია, მოხდეს მეწყრის ზედაპირის გადაადგილების შემცირება.

ეს სამუშაოები პირობითად შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. პირველის მიზანი არის მეწყრის გადაადგილების შეჩერება, ხოლო მეორე ეტაპზე იქნება გენერალური გადაწყვეტები, რომ მოხდეს ამ ადგილის გამაგრება და ამ სამუშაოების შედეგად, მაჭავარიანის ქუჩაზე მოხსნილი იქნება ყველა სახის შეზღუდვა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, სამუშაოები დღემდე ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება სამუშაო ჯგუფში ჩართული ექსპერტების და გერმანელი სპეციალისტების კონსულტაციით და თანხმობით.

მისივე განცხადებით, ამჟამად ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.

„თეორიულად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს თუ დაემთხვა, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა, უხვი ნალექი, ამის საფრთხე იარსებებს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა მარტო ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს, არამედ, მიმდებარედ არცერთ ოჯახს და არცერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, არსებობს ევაკუაციის გეგმა და თუ ამის რეალური საჭიროება იქნება, მერწმუნეთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიზრუნებთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, თეორიულად შეიძლება რაიმე განვითარდეს და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარე სამუშაოების მიზანი დედაქალაქის წყალმომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფაცაა.

„მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ ფერდს შორის გადის GWP-ის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური წყალსადენები. ეს მილები ამარაგებს ქალაქის გარკვეულ ნაწილს, შესაბამისად, ის დაწყებული სამუშაოების ერთ-ერთი ამოცანა, რაც აქ მიმდინარეობს, არის ისიც, რომ არ შეექმნას ამ მილსადენებს პრობლემა, რათა ქალაქის წყალმომარაგებაც მაქსიმალურად დაცული იყოს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები