მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდის გამაგრება დასრულებულია - მერია

615447a5bd434
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.21 15:10
942
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როდესაც მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღვადგინეთ, მაშინ საზოგადოებას ვაცნობე, რომ დარჩენილი იყო ფერდის გამაგრების სამუშაოების მცირე ნაწილი. დღეს მინდა გაცნობოთ, რომ ფერდის გამაგრება მთლიანად დასრულებულია.
თქვენ იცით, რომ ამ ხნის განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მეწყრულ ზონაში: დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, იგივე გაკეთდა შეშელიძის ქუჩაზეც და მიმდინარეობს დაკვირვების რეჟიმი; ფერდიდან მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა; შეიქმნა ე.წ. წინაღობები; გაკეთდა ჭაბურღილები და განხორციელდა ცემენტაცია, ასევე, გამოყენებული იქნა ანკერები, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ეს ფერდი. გადაადგილების თვალსაზრისით, დიდი ხანია, უსაფრთხოა. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამწვანების სამუშაოები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რათა წყლის არიდება მოხდეს ფერდისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესები 2021 წლის მარტის დასაწყისში განვითარდა. მეწყერის სტაბილიზაციის მიზნით ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება აუცილებელი გახდა, რისთვისაც თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი მონაცემებით, სამუშაოებზე სულ 7 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. აქედან 500 ათასი ლარი კვლევებზე, 6.5 მილიონი ლარი კი სამშენებლო სამუშაოებზე. ფერდის გამაგრებით სამუშაოებს კომპანია Caucasus Road Project-ი ახორციელებდა. შედეგად, მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა 26 აგვისტოს აღდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები