პურ-ფუნთუშეულის ქართული ბრენდი „მადამ დე“ მიმდინარე თვეში ისრაელში ექსპორტის დაწყებას გეგმავს. როგორც ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყიდვების განვითარებაზე BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე რატიშვილმა აღნიშნა, გეგმის მიხედვით ამ ხაზის განვითარების შემთხვევაში წარმოებაში ექსპორტი 50%-ს დაიკავებს.
მისივე ინფორმაციით, კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ წარმოებული პურ-ფუნთუშეული ისრაელში გაყინული სახით იქნება წარდგენილი.
„ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ისრაელის მიმართულებით ვგეგმავთ, რაზედაც ჩვენი ისრაელელი პარტნიორები მუშაობენ და თითქმის ბოლო ეტაპზე არიან. მათ შორის მოგვენიჭა „კაშრუტის სერტიფიკატი“ რომელიც ისრაელში პროდუქტის შეტანისა და რეალიზაციისთვის აუცილებელი დოკუმენტია. ივლისის შუა რიცხვებისთვის პირველი კონტეინერის გაგზავნა იგეგმება. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ეს პროცესი შეაფერხა, რადგან ისრაელში ბიზნესსაქმიანობა სრულად შეწყდა. ბიზნესს კი როგორც აღვნიშნეთ სტაბილურობა სჭირდება. თუ ჩემი და ისრაელელი პარტნიორების გეგმის მიხედვით წარიმართება პროცესები, ექსპორტმა წარმოებაში შესაძლოა 50% დაიკავოს“, - აღნიშნა ალექსანდრე რატიშვილმა და დასძინა, რომ ისრაელის შემდეგ „მადამ დე“ პროდუქტის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში, კონკრეტულად კი სომხეთში აპირებს.