მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მადლობა ირაკლი კობახიძეს, პროდუქტებზე ფასების საკითხში მთავრობის ჩართვა დროულია - ზურა ჩხაიძე

ზურაბ ჩხაიძე

პროდუქტებზე ფასების საკითხში მთავრობის ჩართვა დროული გადაწყვეტილება იყო და პროცესს სიღრმისეული შესწავლა სჭირდება - ასე შეაფასა "კახური ტრადიციული მეღვინეობის" დამფუძნებელმა ზურა ჩხაიძემ "ფასების საპარლამენტო და სამთავრობო კომისიების" შექმნის და მუშაობის საკითხი მედიასთან.

ჩხაიძის თქმით, მწარმოებლისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციასა და სავაჭრო დახლებზე არსებულ ფასს შორის დიდი სხვაობაა. ბიზნესმენმა ირაკლი კობახიძეს პირადი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ პერსონალურად ჩაერთო ამ თემაში. ნამდვილად ეს იყო დროული და სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს. შედეგებს უყურებთ თქვენ.

რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ნამდვილად ჩვენთვის იყო დისკომფორტი, როდესაც ვაწარმოებთ გარკვეულ პროდუქციას და დახლზე ასეთი მაღალი ფასი აქვს. რა თქმა უნდა, აქ ჩარევაა საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის დონეზე უნდა იყოს და გარკვეული რეგულაციაც უნდა არსებობდეს.

ამისათვის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ალბათ ჩვენი მაღაზიის მიმართულების განვითარებით წავალთ, რათა შევინარჩუნოთ ფასი. თუმცა ეს პრობლემას სრულად ვერ აღმოფხვრის. ყველა ქსელში უნდა იყოს წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, რაზეც მოთხოვნა არსებობს", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ პრობლემა სწორედ იმ „შუა რგოლშია“, რომელიც წარმოებიდან მომხმარებლამდე პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს და მას მნიშვნელოვნად აძვირებს. მისივე თქმით, „კტვ ჯგუფი“ ბრენდ „ნენას“ რამდენიმე წლის განმავლობაში სოციალური პასუხისმგებლობის ხარჯზე ინახავდა.

"მე ერთი შემიძლია გითხრათ, „კტვ ჯგუფი“ „ნენას“ სოციალური პასუხისმგებლობით ინახავდა რამდენიმე წელიწადია და ეს უკვე თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. დეტალებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ პრობლემა არის იქ, სადაც არის.

ზოგადად ამას დეტალური შესწავლა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ, რომ მიწოდების ფასებსაც გადავავლოთ თვალი და იმ შუარგოლზეც, რაც აძვირებს პროდუქტს, ფაქტობრივად მივიღოთ თანამონაწილეობა განხილვაში", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები