საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტს გასულ წელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის და მოუწოდებს, არ მოდუნდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის ამოცანებზე ისაუბრა.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა მინისტრს წარმატებული საქმიანობისთვის. ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. არ უნდა მოვდუნდეთ. პირიქით, გასულ წელს ძალიან ბევრი რამ მოხდა ქვეყანაში. იყო არჩევნები და ძალიან დაძაბული ვითარება, თუმცა ამის მიუხედავად, ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა და ყველას გილოცავთ ამ წარმატებას.
წელს გვაქვს სრული მზაობა, რომ კიდევ უფრო წარმატებული წელი გვქონდეს, რისთვისაც გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, მეტი შემართებით, მეტი მობილიზებით და რაც შეიძლება მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას. განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვინც საჭიროებს დახმარებას. მაქსიმალურად უნდა გავაუმჯობესოთ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა, უნდა დავხვეწოთ სახელმწიფო სერვისები, ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება და საქმიანობა, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში, მაქსიმალური თანადგომა უნდა გავუწიოთ მოსახლეობას - ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.




























