მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე უჩა სეთურის შეფასებით, "ოუფენ ნეტის" წინა მენეჯმენტის პირობებში ინტერნეტიზაციის პროექტი წინ არ წასულა და ფაქტობრივად პირველი ხუთი წელი დაიკარგა. "ოუფენ ნეტს" 2020 წლამდე ნინო ქუბინიძე ხელმძღვანელობდა.
საქმე ის არის, რომ ახალციხეში, ბორჯომსა და ხულოში ინტერნეტის გაყვანისთვის 25 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი "ოუფენ ნეტმა" გამოაცხადა, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციაა და რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის გაყვანისთვის შექმნა.
ტენდერის პირობების თანახმად, იგეგმება ახალციხის, ბორჯომისა და ხულოს რაიონის სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაქსელვის სამუშაოები. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსით ფინანსდება და პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია. ტენდერის ფარგლებში კომპანიებს მონაწილეობის მიღება 25 ივნისამდე შეეძლებათ. ეს 2025 წლის განმავლობაში "ოუფენ ნეტის" უმსხვილეს შესყიდვას წარმოადგენს.
"პირველი ხუთი წელი ამ პროექტმა წინა მენეჯმენტის პირობებში, ძალიან უქმად დაკარგა და არცერთი მეტრი კაბელი არ იყო ჩადებული. სხვა პრობლემებსა და გამოწვევებზე რომ აღარაფერი ვთქვა. სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ხუთი წელი სრულიად დავკარგეთ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს სხვა შტოების მხრიდანაც დაფინანსება და მხარდაჭერა საკმაოდ დიდი იყო. ვერ გეტყვით რატომ. ხუთი წელი სრულიად არაფერში დაიხარჯა", - ამბობს სეთური და ამატებს, რომ ახლანდელი მენეჯმენტის პირობებში ინტერნეტიზაციის პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
როგორც სეთური BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, "ოფენ ნეტის" ქსელთან დაშვების ფასები საკმაოდ დაბალი და ასოციაციის წევრებისთვის მისაღებია. მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელსაც საკუთარი ქსელი არ აქვს, Log-in Georgia სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"ერთ წვერთან დაშვების ფასი არის 10.4 ლარია თუ შევადარებთ კონკურენტების ფასებს 30-35 ლარს აღწევს. დამეთანხმებით, რომ ეს კარგი და დაბალი ფასია. ფასთან დაკავშირებით არცერთ ჩვენს ოპერატორს პრეტენზია არ აქვს, პირიქით ძალიან მადლობლები ვართ. იმიტომ, რომ მრავალწვერიანი ქსელია ჩადებული და ოპტიმალურად არის გათვლილი. დიდი მადლობა "ოფენ ნეტს" რომ ძალიან კონკურენტული და მოსახლეობაზე ორიენტირებული ფასი დაადო. იმიტომ, რომ ეს საბოლოო ჯამში მომსახურების ფასში აისახება. რაც შეეხება გამტარუნარიანობის ფასს, ამ შემთხვევაში რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, თუმცა აქაც ეს ფასი ტოლია ან ოდნავ აღემატება იმ ფასს, რომლებსაც კონკურენტები გვთავაზობენ. მაღალი მდგრადობის პირობებში ეს ფასიც მისაღებია. ამიტომ ამ კუთხით რაღაც დიდი გამოწვევა გვაქვსთქო, მართლები არ ვიქნებით", - ამბობს სეთური.




























