პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ ამომრჩევლებს, ვინც ევროპულ მომავალს დაუჭირა მხარი, მადლობას უხდის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად გამართა.
სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
"პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გამოვუცხადო ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც ხმა მისცა საქართველოს ევროპულ მომავალს. თქვენ იყავით ძალიან ბევრნი და თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში. არავის აქვს უფლება, რომ წაგართვათ ეს ევროპული მომავალი.
მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან უთანასწორო და უსამართლო პირობებში იბრძოდნენ კომისიებში იმისთვის, რომ დაეცვათ თქვენი ხმა.
მადლობა მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც კიდევ უფრო უარეს პირობებში იბრძოდნენ იმისთვის, რომ ყველა დარღვევა მაქსიმალურად დაფიქსირებული ყოფილიყო, მაგრამ იმდენი დარღვევა იყო, ისეთი სხვადასხვა ფორმის, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ყველაფერი აღებეჭდათ მათ.
ჩვენ დავესწარით ძალიან უჩვეულო რამეს, ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც სხვადასხვა ქვეყნებში თუ ამ ქვეყანაში გვინახავს, პლუს დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა",- თქვა პრეზიდენტმა.