მადრიდის “რეალმა” დაზარალებული ვალენსიის მხარდასაჭერად 1 მილიონი ევრო გადარიცხა.
ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში არსებულმა წყალდიდობამ, ადგილობრივებს უდიდესი პრობლემები შეუქმნა. სტიქიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და უამრავი ადამიანი უსახლკაროდაც დარჩა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ესპანეთის უმაღლესსა და მეორე დივიზიონში არსებული ყველა თამაში გადაიდო.
ვინაიდან “ვალენსიას” აღნიშნულ ტურში მადრიდის “რეალისთვის” უნდა ემასპინძლა, სამეფო კლუბმა “წითელი ჯვრის” ორგანიზაციასთან ერთად ქარიშხალ “დანასგან” გამოწვეული ზიანის გამო განცხადება გაავრცელა:
“მადრიდის “რეალი” წითელი ჯვრის ფონდთან ერთად ცდილობს, ქარიშხლით დაზარალებულებს ფინანსური დახმარება გაუწიოს. კლუბი სტიქიისგან დაზიანებულებისთვის ერთ მილიონ ევროს გამოყოფს. ამ კრიტიკულ სიტუაციაში კლუბი სოლიდარობას უცხადებს სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს” - ნათქვამია “რეალის” განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას, რომლის მსგავსიც, ესპანეთს 1973 წლის შემდეგ არ ახსოვს, 160-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერ მინისტრის პედრო სანჩესის გადაწყვეტილებით ქვეყანაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.