მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაღალი გადასახადების გამო პროდუქციის 30%-ით გაძვირება მოგვიწია“ – „კამპა“

63ff02db07b0e
თინათინ ნატმელაძე
01.03.23 23:37
825
ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპას“ მაღალი გადასახადების გამო პროდუქციის 30%-ით გაძვირება მოუწია. ამის შესახებ BM.GE-თან კომპანიის ექსპორტის მენეჯერმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროდუქციის ექსპორტზე გატანისას ტრანსპორტირების ხარჯის ზრდასთან ერთად წარმოებისთვის საჭირო იმპორტირებული ნედლეულის ფასიც გაძვირდა.

„ჩვენ წარმოების პროცესში მუყაოს, მინის ბოთლების, სტიკერების და სხვა მასალების იმპორტი გვიწევს, გასული წლის განმავლობაში კი ის კომპანია, რომელიც ამ მასალით გვამარაგებდა, პროდუქციის საფასურს ყოველწლიურად 10%-ით ზრდიდა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი წვენების საფასურზეც აისახებოდა. ამას ისიც ემატება, რომ ევროპასა და სხვა ქვეყნებში ტვირთის გადაზიდვის ხარჯი საგრძნობლად გაიზარდა, მაგალითად ამერიკაში ერთი კონტეინერის გაგზავნის საფასური 10 000 დოლარია და პროდუქტს ესეც საგრძნობლად აძვირებს, რაც ექსპორტის პროცესში მთავარი დაბრკოლება ხდება.

წვენების ადგილობრივი მწარმოებელი თითქმის ყველა ქვეყანას ჰყავს, შესაბამისად, ადგილზე წარმოებული წვენები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ჩვენგან იმპორტირებული. მაგალითად, კატარში ექსპორტის გაჩერება იმის გამო მოგვიწია, რომ საფასურში ვერ ჩავეტიეთ - ჩვენი ისედაც გაძვირებული პროდუქტის კიდევ უფრო მაღალ ფასად გადაზიდვის შემდეგ ფასი ბევრად აღემატებოდა იმას, რაზეც მანამდე ვიყავით შეთანხმებული, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლობა შეგვეწყვიტა,“ - განაცხადა გიორგი ლომთაძემ.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საკმაოდ ბევრი საექსპორტო ბაზრისა, ფასების სტაბილურობის შემთხვევაში ბევრად მეტი ქვეყნის ბაზარზე გასვლას მოახერხებდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ „კამპას“ წვენები გასულ წელს ფილიპინების, აშშ-ს, კანადისა და იაპონიის ბაზარზე გავიდა და პროდუქციის ჯამურმა მოცულობამ 0.5 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამასთანავე საქართველოში წარმოებული ნატურალური წვენები საუდის არაბეთში, ჩეხეთში, ისრაელში, აზერბაიჯანში, ჩინეთსა და ჰონგკონგშიც რეალიზდება.

კომპანიის წარმომადგენელი საექსპორტო პროცესებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად საერთაშორისო პარტნიორებთან გადახდის მექანიზმების რეგულირებასაც ასახელებს და ამბობს, რომ ამის გამო კომპანიას წარმოებაში ინვესტირების საკითხი ურთულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები