მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაგემემ“ მარწყვის სასათბურე მეურნეობა გააფართოვა - ინვესტიცია ₾350 ათასია

6278f10cacd75
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.22 19:45
1726
საგურამოში, „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტიმ“ გასულ წელს ამოქმედებული მარწყვის სასათბურე მეურნეობა „მაგემე“ 350 000 ლარის ინვესტიციით გააფართოვა.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი დოლიძე ამბობს, რომ გაფართოება მათ მარწყვზე არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა და კომპანიამ ამ ჯერზეც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტით“ ისარგებლა.

„მიმდინარე წელს მარწყვის სათბური დამატებით 2 000 კვ.მ.-ზე გავაშენეთ და შედეგად მოსავლიანობა გავაორმაგეთ. დღეს ორივე სათბურში ჯამურად 40 000 მარწყვის ნერგია, რომელიც წლიურად დაახლოებით 20 ტონა მარწყვის მოკრეფის შესაძლებლობას მოგვცემს. მარწყვის კრეფა წლის ნებისმიერ სეზონზე ხდება და ახლა უკვე მეურნეობაში 10 ადამიანი საქმდება“, - აღნიშნა ქეთი დოლიძემ.

კომპანიაში ამბობენ, რომ ხარჯების ზრდის მიუხედავად წელს მარწყვის ღირებულება არ გაზრდილა და მაღალი ხარისხის „მაგემე“ ბრედნის 1 კგ პროდუქტის ღირებულება 15 ლარია.

„დღეისთვის ჩვენ „პლანტასთან“ ვთანამშრომლობთ და ჩვენი მარწყვი სწორედ მათ „გუდვილისა“ და „ნიკორას“ ქსელში შეაქვთ. გარდა ამისა, გასულ წელს სასათბურე მეურნეობის ამოქმედების შემდეგ ჩვენ სახლში მიტანის სერვისი ავამოქმედეთ და დღეს მიტანის სერვისთან „მოიტანე.ჯისთან“ თანამშრომლობით შეკვეთებზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.

აღსანიშნია, რომ მეურნეობის ამოქმედების შემდეგ სასათბურე მეურნეობამ „აგრო ტურების გამართვა დაიწყო. ტურის ფარგლებში დაინტერესებულ პირებსა და ოჯახებს მეურნეობა მარწყვის კრეფის სერვისს, მისი მოვლის და სხვა სერვისებს სთავაზობს. თუმცა წელს უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპანიამ საქართველოში ჩამოსულ უკრაინულ ოჯახებს მათ მეურნეობაში სრულიად უსასყიდლოდ აგრო ტურები შესთავაზა.

„იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩვენთან უკრაინიდან ჩამოსული გოგონა დასაქმდა. მან ქვეყანაში ჩამოსული უკრაინელი ბავშვებისთვის მდგომარების შემსუბუქების მიზნით, უფასო აგრო ტურების შემოგვთავაზა, რამაც აქ მყოფ უკრაინელებში დიდი ინტერესი გამოიწვია. შედეგად დღეისთვის ჩვენ ყოველკვირეულად გვსტუმრობენ უკრაინული ოჯახები და გარდა იმისა, რომ ჩვენთან თავისი ყოფის წუთებს იმსუბუქებენ, ეს კარგი პლატფორმა გახდა თავად უკრაინელებთან კომუნიკაციის მიზნით. მათ ერთმანეთი შეიძინეს და ერთგვარი საზოგადოება ჩამოაყალიბეს, სადაც საქართველოში ადაპტირების, საჭიროებების შესახებ ინფორმაციას ცვლიან“, - განმარტავს „მაგემეს“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები