სასათბურე მეურნეობა „მაგემეს“ დამფუძნებელი, ქეთი დოლიძე ამბობს, რომ მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესება კარგი ინიციატივაა და ეს ბაზარზე ნეგატიური მიმართულებით არაფერს შეცვლის. როგორც დოლიძემ გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას თქვა, ხშირად კვალიფიციური კადრის მოძიება გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ზღვარი განიხილება, თუმცა სულ არარსებობას ჯობია.
„თუ გინდა, რომ გუნდში გყავდეს კვალიფიციური კადრი, მას შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, ამიტომ მე პირადად მგონია, რომ ლოგიკურია და ცუდი არ არის, თუკი ხელფასის მინიმალური ზღვარი დაწესდება. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში კვალიფიციური კადრის პოვნა ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე დადგენილი ფორმულა განიხილება, თუმცა სულ არარსებობას ჯობია, რომ ეს ფორმულა იყოს“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.
წამყვანის კითხვაზე, რამდენად შეუშლის ხელს ეს ზღვარი სტარტაპებს საქმის წამოწყებაში, დოლიძე პასუხობს: „მნიშვნელობა არ აქვს კომპანია სტარტაპია, თუ დიდი კომპანია, თუ მას სურს კვალიფიციური და ძლიერი კადრი, მაშინ მან უნდა გადაიხადოს ამ კადრში თანხა. სხვანაირად ის კადრს ვერ გადაიბირებს და ვერ აიყვანს გუნდში. ხოლო იმ ბიზნესს, ვინც საკითხს ასე უყურებს, ეს ზღვარი ისედაც იცის და ისედაც უხდიდა, რაც საბაზრო მოთხოვნების გამო იყო საჭირო, რომ გადაეხადა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამ ბიზნესს დაარტყას“.
ქეთი დოლიძე ფიქრობს, რომ მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესება ბაზარზე ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან დაბალანაზღაურებადი კადრების დეფიციტი ქვეყანაში ისედაც არის. „ისედაც უჭირს ბიზნესს ბაზარზე კადრების მოძიება. აქედან გამომდინარე, მას მოუწევს ანაზღაურების გაზრდა - ჩემი აზრით ასეა“, - თქვა ქეთი დოლიძემ.
რაც შეეხება თავად კომპანია „მაგემეს“, როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, კომპანია მუდმივად 10 კადრს ასაქმებს და კადრების მოძიების პრობლემა არ აქვს.
„ვფიქრობ, რომ სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის აცდენაა იმ კუთხით, რომ ბაზარზე კომპეტენციების მოთხოვნა მეტია და არა კონკრეტული ცოდნის მიმართ. ამ კომპეტენციებს სწავლა, გადამზადება სჭირდება, რასაც ვფიქრობ, რომ ბიზნესის მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა და არ იდება შესაბამისი ინვესტიცია. ანუ, ბიზნესი სათანადოდ არ ზრუნავს კადრების გადამზადებაზე, სწავლებაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ანუ ადამიანების უმეტესობას აქვს სურვილი, მაგრამ არ აქვს უნარები, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესი საჭიროებს კონკრეტული უნარის მქონე ადამიანს, რომელსაც უბრალოდ ვერ პოულობს და ამაშიც იხდის შესაბამის თანხას. მეორე აცდენა არის მოქნილობის პრობლემა. ვფიქრობ, ბიზნესი არ არის მოქნილი სამუშაო პირობების და გარემოს მიმართ. ანუ, პანდემიის შემდეგ ადამიანების მენტალიტეტში ბევრი რამ შეიცვალა, ცხოვრების წესში და ა.შ. ის, რომ ყოველდღე დილიდან საღამომდე სამსახურში უნდა იარონ, 24 საათი იმუშაონ და ა.შ. - ასე აღარ არის. ჩვენთან ეს ჯერ დამკვიდრებული არ არის. ამიტომ არის დიდი "გეფი" დასაქმებულებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის“, - თქვა ქეთი დოლიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით. 2023 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი 1,855 ლარამდე გაიზარდა, რომლის 40%-ს 742 ლარს შეადგენს.
ამჟამად საქართველოში ოფიციალური მინიმალური ხელფასი 1999 წელს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრა და ის 20 ლარს შეადგენს.