მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღალ მხარჯველუნარიანი ქართველი მოგზაურების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა - Check-In Travel

მოგზაურობა

მაღალ მხარჯველუნარიანი ქართველი მოგზაურების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისინი სულ უფრო ხშირად ირჩევენ ეგზოტიკურ და შორეულ მიმართულებებს, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტული კომპანიის Check-In Travel-ის დირექტორმა, ლევან ოსეფაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში მკვეთრად შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და მოგზაურობის დაგეგმვის სტრატეგია - ქართველ მოგზაურებს უკვე წინასწარ, სექტემბერ-ნოემბერში, განსაზღვრული აქვთ სამოგზაურო გეგმები, ბიუჯეტი და მიზნები.

„მომხმარებლის ქცევა ძალიან შეცვლილია. დღეს მოგზაურებს წინასწარ აქვთ დაგეგმილი, სად, როდის და რა ბიუჯეტით იმოგზაურებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი ბაზარი არ არის და პირდაპირი რეისების მიმართულებები შეზღუდულია, მაღალ მხარჯველუნარიანი მომხმარებლები კარგად არჩევენ, სად დაზოგონ და სად გაზარდონ ხარჯი“, - აცხადებს ლევან ოსეფაიშვილი.

მისი განმარტებით, მოგზაურები ხშირად ცდილობენ, შეამცირონ ავიაბილეთებისა და სასტუმროს ხარჯი, თუმცა ადგილზე ხარჯვითი ნაწილი მაინც მაღალია. Check-In Travel-ის დირექტორი ყურადღებას ამახვილებს გლობალურ ტენდენციებზე და აღნიშნავს, რომ მსოფლიო მასშტაბით ფასების ზრდა მოგზაურობის ხარჯებზეც აისახება, რაც საბოლოოდ დანახარჯების ზრდას გარდაუვალს ხდის.

„წლიდან წლამდე ფასები იზრდება და ეს პირდაპირ აისახება მოგზაურებზე. შესაძლოა, ავიაბილეთისა და სასტუმროს ხარჯი გარკვეულ ეტაპზე შემცირდეს, თუმცა საერთო ხარჯვითი ნაწილი მაინც მატულობს. თუმცა, ადრეული ჯავშნის ფარგლებში შესაძლებელია, რომ ერთი ადამიანის ტურის ღირებულება 2000 ლარიდანაც კი დაიწყოს. საბოლოო ფასი დამოკიდებულია არჩეულ სასტუმროზე, მიმართულებაზე და მოთხოვნაზე“, - აცხადებს ოსეფაიშვილი.

მისივე თქმით, განსაკუთრებულად გაიზარდა მოთხოვნა მაღალ ბიუჯეტურ და ეგზოტიკურ მიმართულებებზე, როგორიცაა დოჰა, ტაილანდი, ვიეტნამი და მალდივები : „თუ ადრე ეს მიმართულებები ნაკლებად პოპულარული იყო, დღეს სურათი რადიკალურად შეცვლილია. ტაილანდი უკვე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ჩამოყალიბდა, ვიეტნამი კი სწრაფად იკრებს პოპულარობას. მიუხედავად იმისა, რომ ავიაბილეთების ღირებულება მაღალია, მაღალ მხარჯველუნარიან ქართველ მოგზაურებს ეს არ აფერხებთ“, - აღნიშნავს Check-In Travel-ის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები