"მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი საქართველოში შემოდის, მაგრამ ჩვენ ინფრასტრუქტურულად მზად არ ვართ", - ამის შესახებ BM.GE-სთან გიდმა, მარინა ბახტაძემ ისაუბრა.
მისივე შეფასებით, ბევრ ტურისტულ ადგილზე შეუსაბამო ინფრასტრუქტურა, სიბინძურეა და დაბალი მომსახურების ხარისხია. შესაბამისად, არაერთი ტურისტი აღნიშნავს, რომ იმავე ფასად, სხვა ქვეყანაში უკეთესად დასვენებას შეძლებდნენ.
"ელემენტარულად, ზოგიერთ ლოკაციაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. ცოტა სიბინძურეცაა. ასევე, მაღალი ფასებიც. მესმის, რომ მაღალბიუჯეტიანია ის ობიექტი, თუმცა ის ფასები ცოტა არაადეკვატურად მეჩვენება იმასთან შედარებით, რაც უნდა იყოს. ძალიან ბევრი ჩამოდის და ამბობს, რომ „მე ამ თანხით ალბათ უფრო კარგ პირობებში დასვენებას შევძლებ“ ეს იქნება ევროპული ქვეყნები, თურქეთი თუ სხვა ქვეყნები. საქართველო ბევრისთვის იაფიანი ქვეყანა იყო, რაც აღარ არის ნამდვილად, მაგრამ ჩვენ თანხის ზრდასთან ერთად სერვისიც უნდა გავზარდოთ. ეს ყველა ობიექტს ეხება, სადაც ტურისტი შედის. მათ შესაფერისი ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს.
ამასთან, ქვეყანაში შესაფერისი მომსახურება/ სერვისი არ არის. ზოგჯერ ისეთ რაღაცას გეუბნებიან ტურისტები, მე თვითონ მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი. რატომ უნდა ვიხადო მე ბოდიში, რომელიღაც ობიექტის გამო. ეს არ არის სწორი", - ამბობს ბახტაძე.
რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს, ქართველი გიდის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული აღმოსავლეთის ქვეყნები. კერძოდ, ინდოეთი, პაკისტანი, ფილიპინები, ჩინეთი.
"გასულ წლებთან შედარებით, ტურისტული ნაკადების მცირედი ნამატი არის, თუმცა წელს მეტს ველოდით. არ ვიცი რა მოქმედებს ამაზე. ეს იქნება საგარეო ფაქტორები თუ სხვა, შესაბამისად ეს ყველაფერი ჩვენს თავზე ვიგემეთ",- ამბობს გიდი.