მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაღალფასიან სეგმენტზე ავტომობილების რეექსპორტი ვერ იმუშავებს" - რა გამოწვევებს წინაშეა ბაზარი?

ავტომობილების რეექსპორტი

საქართველოში ავტომობილების რეექსპორტის ბაზარი ახალი გამოწვევების წინაშეა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სტატისტიკური მონაცემებში ჯერ კიდევ ჩანს აქტივობა, სექტორის წარმომადგენლები უახლოეს თვეებში დეფიციტსა და გაყიდვების მნიშვნელოვან კლებას პროგნოზირებენ.

კომპანია Carmark-ის დირექტორი ირაკლი კუხიანიძის განცხადებით, ბაზარზე უკვე ფიქსირდება გაყიდვების საერთო 65%-იანი ვარდნა, რაც ძირითადად, განბაჟების ტარიფების მკვეთრმა ზრდა გამოიწვია. მისი თქმით, დილერების ნაწილი, რომლებიც რეექსპორტზე იყვნენ ორიენტირებულები, ამ ეტაპზე ფაქტობრივად გაჩერებულია.

„რეექსპორტზე კლებას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რადგან კანონის ამოქმედებამდე ბევრი ავტომობილი იყო ნაყიდი. თუმცა, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში ეს მარაგი ამოიწურება და ბაზარზე დეფიციტი გამოჩნდება. დილერების მიმართულება 90-95%-ით არის გაჩერებული - ისინი დაბნეულები არიან და არ იციან, რა ტიპის ავტომობილი წამოიყვანონ რეალიზაციისთვის, რომ წაგებაზე არ წავიდნენ“, - აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.

მისივე შეფასებით, საქართველო შუა აზიის ბაზარზე კონკურენტუნარიანობას კარგავს, რადგან ამ რეგიონში ჩინური წარმოების ავტომობილები აქტიურად იკიდებენ ფეხს. კუხიანიძე აღნიშნავს, რომ მაღალფასიანი სეგმენტი ვერ ჩაანაცვლებს იმ მასშტაბურ ბრუნვას, რაც იაფიან ავტომობილებს ჰქონდათ.

„მაღალფასიან სეგმენტზე რეექსპორტი ვერ იმუშავებს, რადგან ასეთი მანქანები სხვა ქვეყნებსაც ჰყავთ. ჩვენი მთავარი ინტერესი იაფიანი ავტომობილები იყო. ამას ემატება ჩინური ავტომობილების ექსპანსია შუა აზიაში. თუ ჩვენგან რამეს წაიყვანენ, ეს ისევ ამერიკიდან ჩამოყვანილი ავტომობილები იქნება, სხვა ტიპის მანქანები მათ არ აინტერესებთ“, - ამბობს ის.

ბიზნესის წარმომადგენელი ასევე ყურადღებას ამახვილებს კომუნიკაციის ნაკლებობაზე ხელისუფლებასთან და აღნიშნავს, რომ ავტოიმპორტიორთა ფედერაცია ცდილობს ალტერნატიული წინადადებების წარდგენას, რათა სექტორმა ადაპტირება შეძლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები