მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღალი ფასების ფონზე, საქართველოში დიზელის იმპორტი და მოხმარება მკვეთრად შემცირდა - ვასილ ხორავა

ვასილ ხორავა

საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების მერყეობამ და რეკორდულმა გაძვირებამ საქართველოში მოხმარების სტრუქტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. „ვისოლ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა BMG-სთან აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტად დიზელის მოხმარება შემცირდა, რაც პირდაპირ კავშირშია პროდუქტის მკვეთრ გაძვირებასთან.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, დიზელის იმპორტი ქვეყანაში ორნიშნა ციფრით შემცირდა. ვასილ ხორავას თქმით, ეს ტენდენცია ბაზრის ყველა მოთამაშეზე აისახა და გამონაკლისი არცერთი ნავთობკომპანიაა.

„ქვეყანაში იმპორტის მოცულობა შემცირდა, განსაკუთრებით ეს შეეტყო იმ პროდუქტს, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა და ამ პროდუქტის სახელი არის დიზელი. თითქმის 14%-მდეა დიზელის იმპორტი შემცირებული პირველი ხუთი თვის განმავლობაში. ეს ძალიან დიდი ნიშნულია“ - აღნიშნავს ვასილ ხორავა BMG-სთან.

კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დიზელზე ფასის ზრდამ შეცვალა როგორც კერძო მომხმარებლების, ისე მსხვილი კომპანიების ქცევა.

„დიზელი არის ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე ფასის ზრდის თვალსაზრისითაც. ამიტომ ყველას ქცევა - როგორც საცალო მომხმარებლის, ასევე, დიდი კომპანიების, იყო ის, რომ ამ არანორმალური ფასის პირობებში დიზელის იმპორტი რაც შეიძლება მოკრძალებულად და ნაკლები რაოდენობით განეხორციელებინათ“ - აცხადებს ვასილ ხორავა.

დიზელისგან განსხვავებით, ბენზინის მოხმარების კუთხით ბაზარზე სტაბილური ვითარება ნარჩუნდება. ვასილ ხორავა ამას იმით ხსნის, რომ ბენზინის ძირითადი მომხმარებელი საცალო სექტორია.

„ბენზინზე ისეთი კლება არ არის. ბენზინი უფრო საცალო მომხმარებლის სფეროა. ჩვენ მცირედი ზრდაც კი გვაქვს რეალიზაციაში. ზოგადად ქვეყანაშიც, ბენზინის იმპორტი თითქმის იგივეა, რაც წინა წლის პირველ ხუთ თვეში იყო - დაახლოებით 0.3-0.4%-იანი ზრდა ფიქსირდება.“

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ფასები ბაზრისთვის გამოწვევად რჩება, „ვისოლში“ იმედოვნებენ, რომ სეზონურობა მოხმარების ზრდას შეუწყობს ხელს. კომპანიის დირექტორის თქმით, ზაფხულში რეალიზაციის მაჩვენებლები ტრადიციულად იმატებს.

„ბუნებრივია, როგორც ყოველ სეზონზე, ზაფხულში უფრო რეალიზაციები იზრდება. მე ყოველთვის ველოდები, რომ ყოველი მომდევნო დღე იყოს უკეთესი. ამისთვის ვმუშაობთ, ამისთვის ვწვალობთ და 24/7-ზე ვიხარჯებით, რომ მომავალი უკეთესი იყოს“ - აცხადებს ვასილ ხორავა.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ სტატისტიკით, წელს მხოლოდ მაისში, დიზელის საწვავის იმპორტი 18%-ით შემცირდა - გასულ თვეში იმპორტის მოცულობა 47,4 ათასი ტონა იყო, მაშინ როდესაც გასული წლის მაისში ეს მაჩვენებელი 57,8 ათას ტონას აღწევდა. კლება 18%-ია.

ჯამში, წელს 4 თვეში, საქართველოში 525 ათასი ტონაზე მეტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 562 ათას ტონას აჭარბებდა. ჯამში, წელს, 4 თვეში, ნავთობპროდუქტების იმპორტი 6,6%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები