მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, იჯარაზე ფასები წლიურად 10%-ითაა გაზრდილი - "გალერია თბილისი"

გალერეა თბილისი

სავაჭრო ცენტრების ნაწილში აცხადებენ, რომ კომპანიების მხრიდან სავაჭრო ფართებზე მოთხოვნა გაზრდილია და ამ დროისთვის ობიექტები სრულად დატვირთულია.

როგორც „გალერია თბილისში“ BMG-ის განუცხადეს, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სავაჭრო ფართები წლიურად საშუალოდ 10%-ითაა გაძვირებული.

„გალერია თბილისის“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, იჯარაზე მოთხოვნა გაზრდილია როგორც საერთაშორისო ბრენდების, ასევე ადგილობრივი კომპანიების მხრიდან.

ნინი ადუაშვილის თქმით, თავად მომხმარებლის მხრიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მზარდია მოთხოვნა მაღალი საფასო კატეგორიის ბრენდებზე.

„ამ ეტაპზე „გალერია თბილისი“ სრულად დატვირთულია და არცერთი გასაქირავებელი ფართი თავისუფალი არაა. მოთხოვნა სხვადასხვა ბრენდების მხრიდან ძალიან მაღალია, თუმცა თითოეული ბრენდის შემთხვევაში კონტრაქტი დაახლოებით 5 წლიანი და უფრო მეტი ვადითაა. ამიტომ ბრენდების ცვალებადობაც ამ პერიოდზეა დამოკიდებული. შესაბამისად, კომპანიები მოლოდინის რეჟიმში დგებიან. სამწუხაროდ, სავაჭრო ტერიტორია არ გვაძლევს საშუალებას, რომ ამ ეტაპზე ბრენდებს ახალი სივრცეები შევთავაზოთ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა, უკვე გვქონდეს ახალი კომპანიების მიღების საშუალებაც. რაც შეეხება იჯარის ფასებს, მოთხოვნიდან გამომდინარე, ფართები წლიურად დაახლოებით 10%-ითაა გაძვირებული. მთლიანობაში მოთხოვნა მზარდია მომხმარებლის მხრიდანაც, მათ შორის მაღალი საფასო კატეგორიის ბრენდებზე და ამ მიმართულებით შარშან არაერთი ახალი ბრენდი შეემატა ჩვენს სივრცეს“, - განაცხადა ნინი ადუაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანიების ნაწილი თბილისსა და რეგიონებში კომერციული და სავაჭრო ფართების დეფიციტზე საუბრობს. რითეილ სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ვაკანტური ადგილები აღარაა, რაც საქართველოში ახალი ბრენდების შემოყვანას ხელს უშლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები