მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაღალკვალიფიციური კადრები სამსახურს ეძებენ" - რატომ გაიზარდა სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა

დასაქმება

შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია. სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა იზრდება, მათ შორის, სამსახურის მაძიებელთა რიგებში გადაინაცვლა მაღალკვალიფიციური კადრების ნაწილმაც.

საკონსულტაციო და დასაქმების კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ ეს ვითარება რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. ერთი მხრივ, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამების შემცირებით, მეორე მხრივ კი საჯარო უწყებებიდან რეორგანიზაციის მოტივით უკვე ასობით თანამშრომელი გაუშვეს.

როგორც კომპანია Insource-ში BMG-ის განუცხადეს, იანვრიდან შეიმჩნევა ტენდენცია, რომ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა მზარდია. კომპანიის მმართველი პარტნიორი, მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სამუშაოს მაძიებელთა რიგებში მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრები მომრავლდა, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება.

“სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. თუკი გასულ პერიოდში ამ მაჩვენებლის ზრდა იმით იყო განპირობებული, რომ ადამიანებს სამსახურის შეცვლა სურდათ, ახლა ეს ობიექტური გარემოებითაა გამოწვეული. ადამიანების ნაწილი, ვინც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა, ან საჯარო სექტორში იყო დასაქმებული, სამსახურის გარეშე დარჩა. ცხადია, ისინი სამსახურის მოძიებას ცდილობენ. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მათი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ადამიანების უნარები და გამოცდილება განსხვავებულია, რაც ბიზნესს შეიძლება დასჭირდეს. აქედან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი ძიებასთან ერთად, სხვადასხვა უნარების გამომუშავებაზეც იზრუნონ”, - განაცხადა მედეა ტაბატაძემ.

იმაზე, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია, ადასტურებენ დასაქმების სააგენტოებშიც. Hr.ge-ში bmg-ის განუცხადეს, რომ გაზრდილია იმ პირების რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურად დასაქმების პლატფორმაზე რეგისტრირდებიან. სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობის ზრდა მათ შორის, მაღალკვალიფიციური კადრების ხარჯზე მოდიოდეს, რომელთა ნაწილმაც მიმდინარე პროცესების ფონზე, სამსახური დაკარგა.

“ადრე თუ იყო, რომ ჩვენს პლატფორმაზე დაახლოებით 50-60 ადამიანი რეგისტრირდებოდა დღეში, წელს ეს მაჩვენებელი გაზრდილია და ყოველდღიურად დაახლოებით 60-70, ზოგ შემთხვევაში 100-120 სამუშაოს მაძიებელიც რეგისტრირდება. აქედან დაახლოებით 40% ჰორეკა სექტორიდანაა, თუმცა საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრებიც რეგისტრირდებიან. ასევე უკუშავშირიც გვაქვს კომპანიების მხრიდან, რომ ბევრად უფრო მეტი CV შესდით ვაკანსიებზე და ბევრად უფრო კვალიფიციური კადრები უგზავნიან განაცხადებს. აქ რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. როგორც ვიცით, დასაქმებულების ნაწილი მიმდინარე პროცესების ფონზე, უმუშევარი დარჩა და ახლა ისინი სამსახურს ეძებენ. ასევე შესაძლოა, ნაწილს სამსახურის ცვლილება უნდა და ამიტომაც რეგისტრირდებიან“, - განაცხადა Hr.ge-ის გაყიდვების დირექტორმა, ინგა შახბაზიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები