„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ განაცხადების მიღება განახლდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 8 ივლისს მიიღო განაცხადები, რომელთა განხილვის შედეგად, პროგრამის კრიტერიუმებთან შეუსაბამო განაცხადების ავტორებს უარი ეცნობათ.
როგორც სააგენტოში bm.ge-ს უთხრეს, სულ 57 განაცხადი შევიდა, საიდანაც დადებითი გადაწყვეტილება 25-ზეა მიღებული. შედეგად, პროგრამის 5 მლნ ლარიანი ბიუჯეტიდან ასათვისებელი დარჩა 2.7 მლნ ლარი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სოფლის განვითარების სააგენტო განაცხადების მიღებას განმეორებით გამოაცხადებს - მიმდინარე წლის 29 ივლისის 12:00 საათზე, ბიუჯეტის (2,7 მლნ ლარი) ამოწურვამდე.
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნეს იდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.
პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.




























