მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღაროელები მთავრობას ჭიათურის კრიზისთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში დასაქმებულების წარმომადგენლის ჩასმას ითხოვენ

პროტესტი

მაღაროელები მთავრობას ჭიათურაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში დასაქმებულების წარმომადგენლის ჩასმას ითხოვენ. ჭიათურის პროტესტის მონაწილე ტარიელ მიქაცაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში 19 მარტს შემდგარი სამმხრივი კომისიის სხდომის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მათთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა.

19 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ სახელმწიფოს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებისგან ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებს და მაქსიმალურად, უმტკივნეულო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე აღნიშნავს, რომ [პროფკავშირების თავმჯდომარე] ირაკლი პეტრიაშვილი საკითხს და მაღაროებში არსებულ მდგომარეობას არ იცნობს და მისი პროფკავშირი პროტესტის 21 დღის განმავლობაში მათთან არც ერთხელ არ გასულა კონტაქტზე.

სამმხრივ მოლაპარაკებაში ირაკლი პეტრიაშვილი ჩაჯდა, რომელიც ამ საკითხს არ იცნობს და არც კი იცის რა ხდება ჭიათურაში. ის და მისი პროფკავშირი 21 დღის განმავლობაში ჩვენამდე არ მოსულა. შესაბამისად, მაღაროების მდგომარეობის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს და ვერც კომისიაში იმუშავებენ ეფექტურად.

უფრო მეტიც, 2023 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიყვანენ ჩიხში, რაც ახლა დაგვემართა. ამიტომ, მაღაროელები უნდობლობას ვუცხადებთ ირაკლი პეტრიაშვილსა და მის პროფკავშირს. ვთხოვთ მთავრობას, რომ მუშათა კლასიდან, საინიციატივო ჯგუფიდან ან სპეციალისტებიდან აარჩიონ რამდენიმე კადრი, რომლებსაც კომისიაში ჩასვამენ”, - ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

BM.GE-მ ჭიათურის საპროტესტო აქციის მონაწილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებაც სთხოვა, რომლის მიხედვითაც კობახიძე მაღაროების მართვაში სახელმწიფოს შესვლას "პრინციპულად არასწორს" უწოდებს. ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ საკითხი მოლაპარაკებების საგანია და რომელიმე ტელევიზიიდან განცხადების გაკეთება არარელევანტურია.

ერთადერთი გამოსავალი არის კომპანიის [ჯორჯიან მანგანეზის] აქედან წასვლაში. ვისაც აქვს ლიცენზია ამ მოპოვების და გაყიდვის, ის უნდა წავიდეს. ამის შემდეგ, მთავრობასთან უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. ამას შეხვედრა სჭირდება და არა რომელიმე ტელევიზიიდან განცხადების გაკეთება, რომელიც არანაირად არ არის დამაკმაყოფილებელი”, - აცხადებს მაღაროელი და აღნიშნავს, რომ ისინი აქციისთვის 24 მარტს აქტიურად ემზადებიან.

ცნობისთვის: ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა. კუთვნილი ხელფასების დარიცხვის გარდა, პროტესტის მონაწილეები კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლას ითხოვენ და მთავრობას მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაციის ინიციატივით მიმართავენ.

7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება.

პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება.

პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის განცხადება დაახარვეზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები