ტანსაცმლის გერმანული მაღაზიათა ქსელის, New Yorker-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ფრიდრიხ კნაპი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. კონკრეტულად რას ემსხვერპლა გერმანელი ანტრეპრენიორი, უცნობია. როგორც ირკვევა, მაღაზიათა ქსელის მართვას ფრიდრიხის ქალიშვილი, სოფი კნაპი გააგრძელებს, რომელიც, ამ დრომდე, კომპანიის ვიცე-თავმჯდომარის როლს ასრულებდა. ფრიდრიხ კნაპის ქონებას ამერიკული Forbes-ი $4.6 მილიარდად აფასებს.
New Yorker-ის პირველი მაღაზია 1971 წელს, გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა. იმ დროს, ფრიდრიხ კნაპი კომპანიაში ჯერ არ მუშაობდა, მაგრამ New Yorker-ში მისი გამოჩენის შემდეგ, ბრენდმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა, ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ — საზღვარგარეთ. ბოლო მონაცემებით, New Yorker-ი მსოფლიოს 47 ქვეყანაში ოპერირებს, სადაც 1,150 ფილიალით არის წარმოდგენილი — გერმანული ბრენდის რამდენიმე მაღაზია საქართველოშიც ფუნქციონირებს.