შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების ჯგუფური ძარცვა-ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს ჯამში 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.
უწყების ცნობით, დაკავებულები წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სავაჭრო ობიექტებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას იტაცებდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალებოდნენ. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ამოიღეს ათეულობით სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული ოთხი პირიდან სამი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. პოლიციამ ოთხივე მათგანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა დროს აყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძარცვასა და ქურდობას გულისხმობს და სასჯელის სახედ 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























