ბიზნესის მრჩეველი მიხეილ გაფრინდაშვილი მაღალ ფასების წინააღმდეგ მთავრობის მიერ დაწყებული კამპანიის მოსალოდნელ შედეგებს პესიმისტურად უყურებს, თუმცა მაღაზიებსა და მწარმოებლებს შორის ურთიერთობის დარეგულირებისთვის „წერტილოვანი ღონისძიების“ საჭიროებას ხედავს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ბაზარზე ადმინისტრაციული ჩარევა გრძელვადიან პერსპექტივაში, არა - მომხმარებლის თანხების დაზოგვას, არამედ პროდუქციის ხარისხის დაცემას გამოიწვევს.
მიხეილ გაფრინდაშვილის თქმით, მაქსიმალური შედეგი, რაც აპრილის ბოლოს შეიძლება დაიდოს, პროდუქტზე (მაგალითად, კვერცხზე) ფასის სიმბოლური, რამდენიმე თეთრით შემცირებაა, თუმცა რადგან ბიზნესი მოგების გარეშე ვერ იარსებებს, მწარმოებლები იძულებულნი გახდებიან, დანაკარგი ხარჯების შემცირებით, მაგალითად, დაბალი ხარისხის საკვების შეძენით დააკომპენსირონ.
ამასთან, ბიზნესმენი ყურადღებას ამახვილებს სექტორში არსებულ უთანასწორო კონკურენციაზე. მისი თქმით, მსხვილმა სავაჭრო ქსელებმა თავადვე დაიწყეს პროდუქციის იმპორტი და დისტრიბუცია.
„საქართველოს ბაზარი პატარაა და იმისთვის, რომ კომპანიამ მოგების მაქსიმიზაცია გააკეთოს, სავაჭრო ქსელებმა თავადვე დაიწყეს პროდუქციის იმპორტირება, დისტრიბუცია სავაჭრო ქსელებში შეტანა ანუ ერთის ნაცვლად, მოგების სამ მარჟას იღებენ და მათ აღარ აქვთ ინტერესი დამოუკიდებელი იმპორტიორის ან ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქტი გაყიდონ, რადგან საკუთარზე სამჯერ მეტს გამოიმუშავებენ“, - აღნიშნა მან.
სად არის გამოსავალი? - მიუხედავად ლიბერალური ეკონომიკური შეხედულებებისა, მიხეილ გაფრინდაშვილი გამოსავალს დროებით და წერტილოვან სახელმწიფო რეგულაციაში ხედავს.
მისი აზრით, კონკურენციის სააგენტომ უნდა შეიმუშაოს მექანიზმი (მსგავსად მედიაში არსებული Must Carry-სა), რომელიც სავაჭრო ქსელებს დაავალდებულებს, ქართული პროდუქცია თაროზე ყოველგვარი „ქეშბექებისა“ და დამატებითი ბარიერების გარეშე განათავსონ.
„ვფიქრობ, მსგავსი Must Carry-ს [პრინციპის ვაჭრობაში გამოყენება] ხელს შეუწყობდა ქართულ წარმოებას და ქართველი სპეციალისტების დასაქმებას, რაც ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას დააბრუნებს“, - აღნიშნა მიხეილ გაფრინდაშვილმა.




























