მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაზიის გახსნა, წარმოების ზრდა - საბავშვო აქსესუარების ბრენდ “მიმოს” გეგმები

მიმო

საბავშვო აქსესუარების ბრენდი “მიმო” მიმდინარე წლის ბოლომდე პირველი მაღაზიის გახსნასა და წარმადობის გაზრდას გეგმავს - ამის შესახებ ბრენდის თანადამფუძნებელმა ანა ნიკოლაიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

“წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ “მიმოს” პირველი მაღაზიის გახსნას და ეტაპობრივად წარმადობის ზრდასაც, ამ ეტაპზე, ჩვენი თვიური წარმადობა 400-450 ნივთია, რომელსაც ასევე კორპორაციული შეკვეთები ემატება”, - დასძინა მან.

აღსანიშნია, რომ წლის განმავლობაში "მიმო" უმსხვილესი საბავშვო ნაწარმის ორი გამოფენის მონაწილე გახდა: Playtime Paris და Pitti Immagine Bimb. ეს იყო "მიმოს" პირველი გამოჩენა საერთაშორისო ბაზარზე. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ბრენდის მთავარი მიზანი საწარმოს გაფართოება და ექსპორტზე გასვლაა.

“ბოლო პერიოდში გაზრდილია მომხმარებლის ინტერესი ბრენდისადმი. "მიმოს" წინა წელთან შედარებით წარმადობა, ფაქტობრივად, გააორმაგა, რაც ძალიან გვახარებს და მოტივაციას გვმატებს. გვაქვს დიდი სურვილი გავზარდოთ წარმოება და ასორტიმენტი, ამის პოტენციალი კომპანიას ნამდვილად გააჩნია. ამიტომ, ვცდილობთ დონორების მოძიებას. ბრენდის სამომავლო გეგმები საწარმოს გაფართოება და ექსპორტზე გასვლაა. პირველ შემთხვევას, კომპანია დონორების დახმარებით განიხილავს. ექსპორტის თაობაზე კი, მოლაპარაკებები წარმოებს რამდენიმე ქვეყნის ექსპორტიორ კომპანიასთან, რომელიც ბრენდმა გამოფენების საშუალებით გაიცნო”, - აღნიშნა მან.

ანა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ ბრენდი ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე და თურქული მომწოდებლებისგან იძენს.

„მიმო“ თანამშრომლობს ნედლეულის მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომლებსაც ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გააჩნიათ. ძირითადად ვიყენებთ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ნედლეულს, თუმცა ასევე ვთანამშრომლობთ ქსოვილების მომწოდებელ თურქულ კომპანიასთან”, - დასძინა მან.

ცნობისთვის: “მიმო” 2021 წელს შეიქმნა და მომხმარებელს ჩვილობიდან - 4 წლამდე ბავშვების აქსესუარებს სთავაზობს. კომპანიის ბავშვის ხაზი არის ნივთები/აქსესუარები: სხვადასხვა ზომის და ფორმის ხალიჩები, სპილო/ლაქტაციის ბალიშები, ბაჭია/დათუჩა გასახვევები, გამოსაყვანი კონვერტები, დედის ჩანთები, სლინგები, საწოლის კომპლექტი, საბნები, პლედები, სადღესასწაულო სამოსი და სხვა.საწარმო, სადაც პროდუქცია იქმნება თბილისში მდებარეობს, სადაც ექვსი ადამიანია დასაქმებული. “მიმოს” პროდუქციის შეძენა ონლაინ, სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ჯპს-სა და ფარმადეპოს 40-მდე ფილიალში, თბილისში მდებარე საბავშვო მაღაზია „Petit Bazar • პეტიტ ბაზარი“-ში და ქ. ქუთაისში ახლად გახსნილ საბავშვო მაღაზიაში „ქართული ბრენდებში” არის შესაძლებელი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები