მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Magnum, Ben & Jerry’s, Cornetto... - ნაყინის $121 მილიარდიანი ბაზრის TOP 10 მოთამაშე

ნაყინი

2026 წელს ნაყინის გლობალური ბაზრის ღირებულება დაახლოებით 121.35 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და პროგნოზების მიხედვით, 2033 წლისთვის 169.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ეს სექტორი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება - ბაზარზე მნიშვნელოვან წილს რამდენიმე მსხვილი მულტინაციონალური კონგლომერატი აკონტროლებს.

ნაყინის გლობალური ბაზრის უდავო ლიდერი კომპანია The Magnum Ice Cream Company-ია, რომელზეც გლობალური გაყიდვების დაახლოებით 19.4%-ს მოდის. მისი პორტფელი მოიცავს მსოფლიოში რამდენიმე ყველაზე ცნობილ ბრენდს, მათ შორის: Magnum, Ben & Jerry’s და Cornetto.

სიდიდით მეორე გლობალური სუბიექტია Nestlé-სა და PAI Partners-ის ერთობლივი საწარმო Froneri. ეს ჯგუფი Dreyer’s/Edy's-ს ბრენდებს აკონტროლებს და Häagen-Dazs-ის საერთაშორისო უფლებებს ფლობს.

რეგიონული გადანაწილება: მოხმარების ძირითად ცენტრებად კვლავ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა რჩებიან, რომლებზეც ნაყინზე გლობალური მოთხოვნის დაახლოებით 55% მოდის. თუმცა, აზიურ-წყნაროკეანური რეგიონი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია - ჩინეთი ლიდერობს მოხმარების მოცულობით, ხოლო ინდოეთში ბაზარი სწრაფად ფართოვდება მზარდი საშუალო კლასის წყალობით.

ქვემოთ მოცემულია მსოფლიოს წამყვანი 10 ბრენდის რეიტინგი მათი საბაზრო წილის, წლიური შემოსავლისა ან/და ბრენდის საერთო ღირებულების მიხედვით:

1. Magnum - Magnum-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ნაყინის ბრენდია გლობალური ბაზრის წილის მიხედვით. BusinessStats Market Research 2026-ის კონკურენტული ანალიზის თანახმად, მისი წილი 2026 წელს ბრენდების გლობალური გაყიდვების დაახლოებით 8%-ს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში ნომერ პირველ ნაყინის ბრენდად აქცევს.

2. Ben & Jerry’s - Ben & Jerry’s-ი არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცალკეული ნაყინის ბრენდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც დაახლოებით 910.68 მილიონი დოლარის წლიურ გაყიდვებს აგენერირებს და აშშ-ის სუპერ-პრემიუმ კლასის პინტის (შეფუთვის ფორმატი) სეგმენტის დაახლოებით 29.1%-ს ფლობს.

3. Häagen-Dazs - Häagen-Dazs-ი მსოფლიოში სუპერ-პრემიუმ კლასის ნაყინის გამორჩეული ბრენდია, რომლის წლიური შემოსავალი დაახლოებით 785 მილიონ დოლარს შეადგენს და გლობალური ლუქს-კლასის ნაყინის სეგმენტის დაახლოებით 7.2%-ს ფლობს.

4. Baskin-Robbins - Baskin-Robbins-ი მსოფლიოში ნაყინის უმსხვილესი სპეციალიზებული საცალო ქსელია, რომელიც ფრანშიზული მოდელის საფუძველზე ოპერირებს დაახლოებით 8,800-ზე მეტ ლოკაციაზე 50-ზე მეტ ქვეყანაში.

5. Wall’s / Heartbrand - Wall’s არის მშობელი კომპანია Unilever-ის მასობრივი ბაზრის ნაყინის ბრენდი და გაყიდვების მოცულობის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელიც კორპორაციის გლობალურ დომინირებას უზრუნველყოფს ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

6. Cornetto - Cornetto მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კონუსისებრი (ვაფლის ჭიქის) ნაყინის ბრენდია, რომელიც 1959 წელს ნეაპოლში, იტალიაში შეიქმნა და დღეს იყიდება პრაქტიკულად ყველა იმ ბაზარზე, სადაც Unilever-ი თავისი Wall’s/Heartbrand პორტფოლიოთი ოპერირებს.

7. Breyers - Breyers-ი ამერიკის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ნაყინის ბრენდია, რომელიც 1866 წელს ფილადელფიაში უილიამ ბრეიერმა დააარსა - რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 150 წელზე მეტი ხნისაა. ბრენდმა საკუთარი იდენტობა მარტივი, სრულიად ნატურალური ინგრედიენტების ირგვლივ ააგო: ნამდვილი ნაღები, შაქარი, რძე და ნატურალური არომატიზატორები ყოველგვარი ზედმეტი დანამატების გარეშე.

8. Blue Bell Creameries - Blue Bell Creameries არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორია ამერიკული კვების ინდუსტრიაში - თითქმის მითოლოგიური სტატუსის მქონე, კერძო მფლობელობაში არსებული რეგიონალური ბრენდი, რომელსაც აშშ-ის ნაყინის მთლიანი ბაზრის დაახლოებით 7.9% უჭირავს. ეს მას სიდიდით მესამე ნაყინის ბრენდად აქცევს აშშ-ში, მიუხედავად იმისა, რომ მისი დისტრიბუცია მხოლოდ სამხრეთისა და სამხრეთ-ცენტრალურ დაახლოებით 17 შტატში ხდება.

9. Dreyer’s / Edy’s - ბრენდი, რომელიც 1928 წელს ოკლენდში, კალიფორნიაში უილიამ დრაიერისა და ჯოზეფ ედის მიერ დაარსდა, დღეს Froneri-ს სრულ მფლობელობაში არსებული შვილობილი კომპანიაა - Nestlé-სა და PAI Partners-ის ერთობლივი საწარმოსი, რომელიც ნაყინის მსოფლიოში სიდიდით მეორე მწარმოებელს წარმოადგენს და 60-ზე მეტ ბაზარზე ოპერირებს. BusinessStats Revenue Intelligence 2026-ის მონაცემებით, Dreyer’s-ის წლიურმა შემოსავალმა დაახლოებით 372 მილიონი დოლარი შეადგინა.

10. Talenti - Talenti ჯელატოსა და სორბეტის უმსხვილესი მწარმოებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში - ავთენტური იტალიური სტილის გაყინული დესერტი, რომელსაც ჩვეულებრივ ნაყინთან შედარებით ნაკლები ცხიმიანობა, უფრო მკვრივი ტექსტურა და უფრო ინტენსიური გემო აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები